ENG / RUS       12+

ზვიად ქორიძე: ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მოქალაქეები არჩევნებზე ინფორმირებულები მივიდენენ

რესპოდენტის შესახებ

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება უფრო მწვავდება. ,,ნაცმოძრაობა" შანს არ უშვებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პიარი გაიკეთოს. Mმედიაქსპერტები აღნიშნავენ, პიარისთვის მმართველ გუნდს სათანადო ადმინისტრაციული რესურსი გააჩნია და მას ადეკვატურად იყენებს. რა შანსები აქვს ასეთ პირობებში ოპოზიციას და რა როლს ასრულებს მედია პოლიტიკური პარტიების წარმატების საკითხში ,,ჯი-ეიჩ-ენს" მედიის ექსპერტი, ჟურნალიტტა ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ესაუბრა.

_ ბატონო ზვიად, რას ფიქრობთ იმ პიარ-კამპანიაზე, რომელსაც ,,ნაცმოძრაობა" წინასაარჩევნოდ ატარებს?

_ იმას, რასაც ,,ნაციონალური" მოძრაობა მედიაში აკეთებს და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, როცა ცალკეული მინისტრები, უწყებების ხელმძღვანელები, გამგებლები ხვდებიან სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებსა, თუ გასართობ პროგრამაში, ეს რა თქმა უნდა, ქმნის არაჯანსაღ და არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოს. მათ, ფაქტობრივად, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოახდინეს საერთო ეროვნული მაუწყებლების სრული მონოპოლიზაცია და პრაქტიკულად, ვერ ვხედავთ ნორმალურ, საარჩევნო გარემოს.

_ ასეთ პირობებში რამდენად ადეკვატურად მოქმედებს ოპოზიციური სპექტრი?

_ ბუნებრივია, ოპოზიცია მოქმედებს, მუშაობს, რადგან ოპოზიციას აქვს სურვილი გაიმარჯვოს არჩევნებში და წინააღმდეგობა გაუწიოს მმართველ ძალას. თუმცა ის თუ როგორ მუშაობს ოპოზიციური გაერთიანებები და რას აკეთებენ ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის პრაქტიკულად ეს მედიაში ნაკლებად ჩანს. შედარებით, ასეთ აქტივობებს ვხედავთ, ,,კავკასიასა" და ,,მაესტროზე", მაგრამ მთავარი ეროვნულ მაუწყებლებში, რომლებიც საქართველოში ძირითადი ინფორმაციის ,,დისტრიბუტორები" არიან ოპოზიციის აქტივობა ნაკლებად ჩანს. საზოგადოებაში ხშირად ვისმენთ, რომ ოპოზიცია პასიურია და არაფერს არ აკეთებს. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, ოპოზიცია საერთოდ არაფერს არ აკეთებს, თუ არაფერს არ აკეთებს ოპოზიცია ეკრანზე და ეს არის ორი განსხვავებული რეალობა და ეს ერთ-ერთი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველოში სრულყოფილი საარჩევნო გარემო არ იქმნება.

_ ის, რომ ოპოზიცია არ ჩანს ეკრანზე განპირობებულია იმით, რომ არ გააჩნიათ სათანადო რესურსი, თუ არ აქვთ შემუშავებული წინასაარჩევნო პიარ-კამპანია?

_ მე გეუბნებით იმას, რომ ისინი ეკრანზე არ ჩანან, უბრალოდ, იმის გამო კი არა, რომ მათ ამის სურვილი არა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ საერთო ეროვნული მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკა მათ სრულ იგნორირებას უკეთებს. ვთქვათ, როდის ჩანს დედაქალაქის მერი ტელეეკრანზე? როდესაც ის ხსნის სავაჭრო ცენტრს, რაიმე კაფეს, მიდის მოხუცთა თავშესაფრებში, ანუ მერი დაკავებულია იმ აქტივობებით, რომელიც პრინციპულად არ არის მისი მოვალეობა და არც კანონითაა განსაზღვრული. ხოლო ის, რაც მერის პირდაპირი მოვალეობაა იქ ზუსტად არის მაქსიმალური გაუმჭვირვალეობა. თუ ხსნის მაღაზიას თბილისის მერი, რატომ არ შეიძლება მაღაზია გახსნას ოპოზიციის ლიდერმა? რა ფორმალობაა იმ ლენტის გაჭრა, მაგრამ იქ აუცილებლად ჩნდება ხელისუფლების წარმომადგენელი. არჩევნებამდე 4,5,6 თვე დარჩა არავინ არ ვიცით ზუსტად როდის იქნება, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიცია ამ დროს არ ხვდებოდეს მოქალაქეებს, ამომრჩეველს, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს და არ ჰქონდეს ასეთი ტიპის აქტივობები.

_ ტენდენცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლოა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო გაუარესდეს?

_ ყოველ შემთხვევაში ამის წინაპირობა ნამდვილად არის. თუ შევაფასებთ წლევანდელი წლის საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკურ წონას, შესაძლოა უფრო ჩაკეტილი მედიასივრცე მივიღოთ სადაც, ფაქტობრივად, ოპოზიციისთვის ადგილი არ დარჩება. ვგულისხმობ, ეროვნულ საერთო მაუწყებლებს, რომლებიც შეუფერხებლად აწვდიან სიგნალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

_ 1 მაისიდან ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო. როგორ ფიქრობთ, მედიის მონიტორინგს რეალური შედეგი მოჰყვება?

_ ნებისმიერი მაღალკვალიფიციური მონიტორინგი საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებას დეტალურად ავუხსნათ ის, თუ რა ინფორმაცია იმალება, რა ინფორმაცია იზღუდება და რა ინფორმაცია არ აღწევს სწორად ადრესატამდე და ამას, როგორც კი შეაფასებენ, დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება, ის, რომ მოქალაქეები უფრო დიდ ინტერესს გამოიჩენენ ახალი ამბების მიმართ.

_ ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლბი ხშირად არ ჩანან ტელეეკრანზე, ეს გარემოება ხელს ხომ არ შეუშლით მათ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ?

_ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არჩევნებისა არის მედია. წარმოდგენა თითქოს, არჩევნები იმართება მხოლოდ არჩევნების დღეს მართებული არაა, რადგან არჩევნების დღისთვის მოქალაქე ძალიან დიდი ხნით ადრე ემზადება. ფაქტობრივად, მოქალაქეს თუ არა აქვს ინფორმაცია, თუ რომელი პოლიტიკური ძალა რომელ ალიანსშია გაერთიანებული, როგორ არის დაჯგუფებული პოლიტიკური ძალები, რა საარჩევნო პროგრამები აქვთ, როგორი ხედვა აქვთ არმიისა და პოლიციის მიმართ, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, ეს ყველაფერი ამომჩეველმა, თუ არ გაიგო მაშინ საინტერესოა, არჩევანი როგორ უნდა გააკეთონ? თუ არ იქნება თემატური დებატები, დისკუსიები ტელევიზიაში, მაშინ მოქალაქეები ინფორმაციის გარეშე იქნებიან. 21-ე საუკუნე კი აღარ არის საუკუნე, როდესაც შეიძლება გავავრცელოთ პროკლამაციები კედელზე აქ უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა ჩავანაცვლოთ. თუმცა აქ შემოდის მეორე პრობლემა: რამდენად ინტერნეტიზირებულია საქართველო, ან რამდენად მზარდია ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი, ჩვენ სტაგნაცია გვაქვს ინტერნეტბაზარზე და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის. ჟურნალისტებმა, მედია საშუალებებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ განსაკუთრებით ეს 3-4 თვე - ზაფხულის მკვდარი სეზონი, როდესაც საინფორმაციო და პოლიტიკური აქტივობა ძალიან დაბალია მივაწოდოთ ინფორმაცია მოქალაქეებს და არ უნდა დავუკარგოთ მათ წინასაარჩევნო განწყობა. Aარჩევნებზე ძალიან არაადეკვატური შედეგები დაგდება, თუ ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ საზაფხულო განცხრომის პირობებში.

_ როგორ უნდა მივაწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ამომრჩეველს, როცა თქვენი თქმით, ხელისუფლებას მედიასივრცე მონოპოლიზებული აქვს?

_ ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ მოქალაქეებს, ავუხსნათ, ველაპარაკოთ ამა, თუ იმ პარტიის გეგმებზე. შევაგროვოთ, ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში არჩევნების წინ არსებობს. ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ რა უნდათ და მეორე, პოლიტიკურმა პარტიებმა იცოდნენ რა სურთ მოქალაქეებს. წელს, არის პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნები იღებს, არა მხოლოდ პოლიტიკური აქტის როლს, არამედ ეს არის გარდამტეხი აქტი საქართველოს ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მოქალაქეები არჩევნებზე კარგად ინფორმირებულები მივიდენენ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

 

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .