დღეს, 18 აპრილს, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აჭარას ესტუმრება და ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას მოინახულებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 აპრილს, 13 საათზე, ქობულეთში საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო ქართულ მხარესთან ერთად პირადად დაათვალიერებს ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო მოგვიანებით, 13:30 საათზე სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ ხელი მოეწერება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის - ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო და საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილია შემდეგი მნიშვნელოვანი ურბანული პროექტების განხორციელება: თბილისი-რუსთავის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ნაპირდაცვა, ხიდების მშენებლობა და სხვა. დაწყებულია მუშაობა, წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით ქუთაისში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში და ურეკი-შეკვეთილში. განიხილება თანამშრომლობის შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში, ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება აზიის განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში საბანკო და საწარმოო სექტორის დაკრედიტების კუთხით.