იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა შეხვედრა გამართა ქალაქ ვინჩენცაში. მან ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის გააკეთა სპეციალური პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური გარემოს, გატარებული რეფორმების, საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე გაბაშვილი.
შედგა დიალოგი იტალიის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებთან, რომლებმაც საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფა გამოთქვეს. როგორც აღინიშნა, იტალია მზადაა გამოყოს 30 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოში სავაჭრო-საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად.
ქართული მხარისთვის სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა „Aლიტალია"-ს წარმომადგენელმა. უკვე მიღწეულია შეთანხმება, 2 ივლისიდან კვირაში სამჯერ რომი-თბილისის რეგულარული ფრენის დანიშვნაზე.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, იტალიის რესპუბლიკაში პალატის წარმომადგენლებისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სპეციალური შეხვედრები გაიმართება ქალაქ რომშიც, რომელსაც დაესწრებიან ლაციოს რეგიონის და რომის მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელები და წევრი კომპანიების წარმომადგენლები. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუერთდება საერთაშორისო ორგანიზაციას "Association of Inter-professional Business Employers of the European Capital Cities".
ასევე იგეგმება ქართულ-იტალიური სავაჭრო პალატის დაარსება.