დასვენებისა და საქმიანი ტურიზმის მოყვარულებს ორი დღის განმავლობაში, შეუძლიათ საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიას" ეწვიონ და სამომავლოდ საკუთარი მოგზაურობა თუ საქმიანი შეხვედრები დაგეგმონ.
თბილისი უკვე მეთოთხმეტედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, რომლის ფარგლებშიც ასევე საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების პირველი საერთაშორისო გამოფენა იმართება.
,,ექსპო-ჯორჯიას" წარმომადგენელი და გამოფენების ორგანიზატორი ნინო გამრეკელი აცხადებს, რომ ტურისტულ გამოფენებზე დამსწრები კომპანიების რაოდენობა თანდათან იზრდება.
"საგამოფენო ცენტრი ორ მნიშვნელოვან და აქტუალურ გამოფენას მასპინძლობს, საერთაშორისო ტურისტული გამოფენასა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების პირველ საერთაშორისო გამოფენას. ტურიზმის გამოფენაზე ძირითადი აქცენტი შიდა და გამყვან ტურიზმზე კეთდება. გამოფენაზე საკმაოდ მრავალფეროვნად არიან წარმოდგენილნი კომპანიები. საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე კი საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი, საქმიანი შეხვედრებისათვის"- აცხადებს ნინო გამრეკელი.
გამრეკელის განმარტებით, დასასვენებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად ქვეყანაში MICE ტურიზმიც აქტიურად ვითარდება.
"საქმიანი ტურიზმის ე.წ. MICE სეგმენტი ქვეყნის ყველა რეგიონში უნდა განვითარდეს, სადაც კომპლექსებს, საშუალება ექნებათ მიიღონ ტურისტები, როგორც დასასვენებლად, ასევე შეხვედრებისათვის. აქვე შესაძლებელი იქნება, რომ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს შეუთავსდეს. ამ თვალსაზრისით MICE სეგმენტი განვითარებულია თბილისში და ბათუმში. დღეს უკვე სხვადასხვა ადგილებში იხსნება დასასვენებელი თუ სასტუმრო კომპლექსები, საქმიანი ტურიზმის დაგეგმვა დღეს შესაძლებელია, როგორც გუდაურში, ასევე საირმესა და კახეთში.
საქართველო, MICE ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, შესაძლოა საინტერესო გარემოდ იქცეს. ქვეყანაში მართლაც ბევრი სივრცე შეიქმნა, რომელიც შეიძლება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შევთავაზოთ, რომლებიც საკმაოდ ხშირად ატარებენ შეხვედრებს თუ კონფერენციებს სხვადასხვა ქვეყნაში. ამ თვალსაზრისით საქართველო უკვე მზადაა"- აცხადებს ნინო გამრეკელი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით ქვეყანაში MICE ტურიზმი თანდათან უფრო აქტიურდება.
"ასეთი დონის გამოფენების მოწყობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ქვეყანაში ინერგება ტურიზმის ახალი მიმართულება, როგორიცაა MICE ტურიზმი. პროექტზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი დაინტერესებაა"- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძრვანელი მაია სიდამონიძე.
მე-14 სართაშორისო გამოფენაზე აქტიურად იყო ასევე წარდგენილი აჭარა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები განმარტავენ, რეგიონმა ტურისტებისათვის სხვადასხვა ტიპის პაკეტები უკვე შერმუშავა, და 2012 წელს შარშანდელზე მეტ ტურისტს ელოდებიან.
"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასეთ გამოფენებში სისტემატუტურად იღებს მონაწილეობს და ვფიქრობთ რომ ამ გზით აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება რადგანაც რეგიონში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე უცხოელი ტურისტების"- აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ეკა ჭანიშვილი.
"ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე ტურიზმის გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა კომპანია "გუდვილმაც", რომელმაც გამოფენაზე გამოიტანა ის "შედევრები", რომლითაც პარიზის საკონდიტრო ხელოვნების მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგა და საკუთარი ნამუშევრებით "გუდვილის" კონდიტერები საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ. როგორც ცნობილია კონდიტერთა მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო პირველად იყო წარდგენილი. საუკეთესო ათეულში მოხვედრის გარდა, კონდიტერებმა მედიის სიმპატიის ჯილდოც დაიმსახურეს.
"გუდვილის" კონდიტერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შოკალდის სკულპტურებზე მოთხოვნა მალე გაჩნდება, თუმცა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მათ ანალოგიური ორი დაკვეთა უკვე მიიღეს.
"გამოფენიდან სულ რაღაც 10 დღეა რაც დავრუნდით და ამ ეტაპზე სიახლებზე ვმუშაობთ. ასეთ ფიგურებზე მოთხოვნა აუცილებლად გაჩნდება, რადგანაც უკვე იყო ორი შემოთავაზება, როდესაც ანალოგიური სკულპტურები სხვადასხვა ღონისძიებებზე სჭირდებოდათ. უცხოეთში აპრობირებულია, რომ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ტკბილეული და შოკოლადის სკულპტურა და რაც მთავარია თემატიკასთან ახლოს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა საქართველოშიც გაჩნდება"- აღნიშნა "გუდვილის" მთავარმა კონდიტერ-დიზაინერმა მარიამ თიბილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ადგილობრივი კომპანიების გვერდით წარმოდგენილნი არიან უცხოური კომპანიები. კერძოდ, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ტაილანდიდან.
მთლიანობაში 45 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 90 ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები. ასევე ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურეობით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით. გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონი არსებული სანატორიუმებით, პანსიონატებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით.
გამოფენაზე ახალი ლოგოს ქვეშაა წარმოდგენილი კახეთის რეგიონი. სტენდზე მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვს გაეცნონ აქამდე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. ახალ ტურისტულ პროდუქტსა და ზაფხულის სეზონზე დაგეგმილ ღონისძიებებს.