ხვალიდან, 1-ლი აპრილიდან, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო ხდება. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ უწყებამ ზედნადების ელექტრონული ფორმით გამოწერის შესაძლებლობა საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით დანერგა.
შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზურაბ სოხაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სიახლით, შესაძლებელი გახდება საქონლის მოძრაობის სრული სიზუსტით აღრიცხვა.
ელექტრონული ზედნადების შევსება სავალდებულოა საქონლის მიწოდების შემთხვევაში და ის სრულიად ჩაანაცვლებს ზედნადებს, რომელიც ქაღალდზე იწერებოდა. ამასთან, არ იცვლება პასუხისმგებლობის ნორმები და ცვლილებები შეეხება მხოლოდ შევსების ფორმას.
"ელექტრონული სასაქონლო ზედნადები არის ახალი პროდუქტი, რომელიც ძალაში 1-ლი აპრილიდან შედის. მანამდე არსებობდა ჩვეულებრივი არამკაცრი აღრიცხვის ფორმა და ნებისმიერს შეეძლო ფურცელზე ზედნადები გამოეწერა. ეს დოკუმენტი მათ აუცილებლად უნდა ჰქონოდათ A წერტილიდან B წერტილამდე ტრანსპორტირებისას. ეს დოკუმენტი, ერთგვარ პირველადი აღრიცხვის დოკუმენტად იტოვებდა. მეწარმე სუბიექტებს ქონდათ იმის საშუალება, რომ როდესაც ამ საქონლის გადამოწმება არ მოხდებოდა და ტვირთი დანიშნულების ადგილზე მივიდოდა, ისინი იყვნენ გარიგებულნი და ამ დოკუმენტს გაანადგურებდნენ და რეალურად ვიღებდით სარეალიზაციო ქსელში აღურიცხავ პროდუქციას. ცხადია, ეს საკითხი და პრობლემა კეთილსინდისიერ გადამხდელს მართლაც აწუხებდა. სწორედ ბიზნესისგან წამოვიდა ინიციატივა და მოვიფიქერთ საკმაოდ მარტივი სისტემა. თუმცა თუ საქმე გვაქვს საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათ სჭირდებათ ელექტრონული ზედნადების გამოწერა, მათ თავისუფლად შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს ვებგვერდზე და ერთჯერადად ან მრავალჯერადად შეავსონ ელექტრონული ზედნადები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ ვავალდებულებთ მეორე მხარეს, ანუ მყიდველის მხარეს, იგივე უბნის მაღაზიებს, ზედმეტი ინვესტიციების განხორციელებას და დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის შეძენას. ჩვენ უბრალოდ ვაჩენთ იმის საშუალებას, რომ მათ თუ აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული პროცედურა გაიარონ და თუ არ აქვთ - ნუ გაკეთებენ", -აღნიშნა ზურაბ სოხაძემ.
მისივე განმარტებით, დისტრიბუცია იქნება ვალდებული 48 საათის განმავლობაში დაუდასტუროს ამ საქონლის მიღება.
"შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, რომ სისტემა იყოს კომფორტული, როგორც ერთი ასევე მეორე მხარისათვის", - აცხადებს სოხაძე.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, სასაქონლო ზედნადების ელექტრონულად გამოწერით მეწარმეები ადამიანური რესურსების და დროის დაზოგვას შეძლებენ. სოხაძის თქმით, ამ სიახლით გადამხდელს საშუალება ეძლევა, მოაწესრიგოს აღრიცხვიანობა, მინიმუმამდე შეამციროს შევსების დროს შეცდომების დაშვების რისკი და უზრუნველყოს ინფორმაციის დაცულობა.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსების წესი დეტალურადაა გაწერილი. ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსების შემდეგ ხდება მისი გააქტიურება ტრანსპორტირების დროის მითითებით. ამის შემდეგ ზედნადებს ენიჭება უნიკალური ნომერი. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საქონლის მიმღები პირის შესახებ მონაცემების შევსება და ელექტრონული ზედნადების დახურვა.