"საქსტატის" ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 62 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 20 პროცენტი. თხილის ექსპორტმა, პოზიციურად მეექვსედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) და 30 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა წილმა მთლიან ექსპორტში - 10 პროცენტი. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 28 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა. 2012 წლის თებერვალში, წინა თვისგან განსხვავებით, აზოტოვანი სასუქების სასაქონლო ჯგუფი კვლავ საექსპორტო ათეულში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1346 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 307 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1038 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-თებერვალში 731 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.