ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს უაზრობას უწოდებს.
ამის შესახებ განცხადება, ხეთაგურმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აპროტესტებენ.
კერძოდ, არასამთავროები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დაინტერესებულ პირსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის შესაძლებელია შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება კანონიერად ჩაითვლება სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. მათივე განცხადებით, შეთანხმების დადების დღიდან, პირს აღარ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
,,უაზროა ის პროტესტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ, მათ ვურჩევდი, დაჯდნენ და კარგად წაიკითხოს რა წერია კანონში. ეს კანონი ფარავს მხოლოდ და მხოლოდ წარსულში არსებულ დარღვევებს და მომავალზე არ ვრცელდება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიას კონკრეტული დარღვევა ექნება, ეს კანონი უშვებს ამ კომპანიასთან კონკრეტული შეთანხმების გაფორმებას, რადგან არ მოხდეს კომპანიის დალუქვა, არამედ, მოხდეს მხოლოდ დარიცხული ჯარიმის რესტრუქტურიზაცია" - აღნიშნა მინისტრმა.
გარემოს დამცველი არასამთავროები პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ.