იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 384 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 30 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 68 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 316 მლნ. აშშ დოლარი (34 პროცენტით მეტი). "საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 22 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი. (2011 წლის იანვარ-თებერვალში - შესაბამისად 25, 20 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2011 წლის იანვარ-თებერვალში _ 30 პროცენტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში წინა წლებთან შედარებით ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. განსაკუთრებით დიდი ზრდაა 2009 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით (126 პროცენტი). იმპორტი და საგარეო სავაჭრო ბრუნვაც გაზრდილია სამივე წლის შესაბამისი პერიოდების მიმართ.
"საქსტატში" განმარატვენ, რომ 2012 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1346 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 307 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1038 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-თებერვალში 731 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.