ქართული კომპანიის "ბიოპროდუქტის" ასკილის ბიო წვენი გახდა 2011 წლის "ფუნქციური სასმელების ინოვაციების საერთაშორისო კონკურსის" გამარჯვებული კატეგორიაში "საუკეთესო იმუნიტეტის გამაძლიერებელი სასმელი". კონკურსის საზეიმო ცერემონია გაიმართალონდონში 20 მარტს გლობალური სასმელების ინოვაციების კონგრესის ფარგლებშ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გავლენიანი საერთაშორისო კონკურსის კომისიამ განიხილა 19 ქვეყნიდან შემოსული 80-ზე მეტი განაცხადი და გამოავლინა საუკეთესო პროდუქტები 21 სხვადასხვა კატეგორიაში. ბიოპროდუქტის ასკილის წვენი ამ ყოველწლიურ კონკურსზე გაგზავნილი ერთადერთი ქართული პროდუქტია. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ქართულმა წვენმა საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია რომ კომპანია "ბიოპროდუქტის" წარმომადგენლებს ზემოხსენებულ კონკურსზე ნიმუშების გაგზავნა ურჩია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურმა.
2011 წლის ნოემბერში საინვესტიციო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა ფორუმის ფარგლებში ასკილის ბიოწვენით დაინტერესდნენ იაპონელი თრეიდერებიც.ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის დახმარებით პროდუქციის ნიმუშები უკვე გადაგზავნილია სააგენტოს მიერ იაპონიაშიც
"ფუნქციური სასმელების ინოვაციების საერთაშორისო კონკურსის" ფარგლებში მოპოვებული პრესტიჟული ჯილდო დაეხმარება ქართულ კომპანიას ცნობადობის ამაღლებაში და საშუალებას მისცემს მას საერთაშორისო მაშტაბით მოახდინოს პროდუქციის პოპულარიზაცია და პარტნიორების მოზიდვა. ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებიან კომპანიას მოპოვებული ჯილდოს მარკეტინგული თვალსაზრისით წარმატებით გამოყენებაში და ექსპორტის გაზრდაში", აღნიშნა საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
„არაალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა ჩვენი პროდუქტის ბრიტანულ ჟურნალ ''Beverage Innovation''-ში გამოჩენით და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს რეკომენდაციით იყო განპირობებული, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. გუშინ გამართულ დაჯილდოებაზე მსოფლიოს არაალკოჰოლური სასმელების სოლიდურ კომპანიებს შორის
მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ დაკომპლექტებულმა ჟიურიმ აღნიშნულ კატეგორიაში სწორედ ასკილის წვენს მიანიჭა გამარჯვება, რაც ახალბედა ქართული კომპანიისთვის დიდი წარმატებაა". აღნიშნავს კომპანია 'ბიოპროდუქტის" დამფუძნებელი მერაბ აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ საინვესტიციო სააგენტოს ახლადშექმნილი ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის 2011 წლის პრიორიტეტის „ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაცია" შედეგები 2012 წელს უფრო თვალსაჩინო ხდება. 2011 წელს სააგენტოს ორგანიზებით ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა 36 მედალი ჩამოიტანეს ჰონგკონგის და ისრაელის საერთაშორისო კონკურსებიდან.