მოსახლეობას სურს საბოლოოდ გამოუტანოს განაჩენი ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა NDI-ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას გამოკითხულთა 70% ემხრობა.
წიკლაური მიიჩნევს, რომ მოსახლეობას ივანიშვილის გამოწვევა საარჩევნო ბრძოლაში სწორედ იმისთვის სურს, რომ საბოლოო განაჩენი გამოუტანოს.
ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. მან ორჯერ უარყო საქართველოს მოქალაქეობა და ორჯერვე დაუბრუნდა. ახლა უკვე მესამედ უარყო საქართველოს მოქალაქეობა საკუთარი კონკრეტული ქმედებით. ახლა პრეზიდენტის გადასაწყვეტია მისცემს თუ არა მას მესამედ შესაძლებლობას. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, მიმაჩნია, რომ ივანიშვილი უკანასკნელი პრორუსული ბასტიონია საქართველოში, ამიტომ მოსახლეობის სურვილია იგი იხილოს საარჩევნო ბრძოლაში, რათა უშუალოდ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გამოუტანოს საბოლოო განაჩენი ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს,, - აღნიშნა წიკლაურამა.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას გამოკითხულთა 70% ემხრობა. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ დღეს, კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, გამოკითხულთა მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა არ უნდა აღუდგეს.