დაბა ჩაქვში აგროსერვის ცენტრის მეურნეობა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრ დონარა სურმანიძესთან ერთად დაათვალიერა.
ამ ეტაპზე ჩაქვში თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, 18 872 კვმ. ფართობზე საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობის შემოღობვა მიმდინარეობს. გამოზამთრების მიზნით, აქვეა ესპანეთიდან და თურქეთიდან ჩამოტანილი დაპიკირებული ციტრუსებისა და ხეხილის 4500-მდე ნერგი.
„ერთ თვეში აჭარაში სამი სადედე-სანერგე-სადემონტრაციო მეურნეობის მოწყობა დასრულდება. ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისთვის სასურველი ნერგის გამოყვანის პროცესზე დასწრება. ასევე, ჩვენს ფერმერებს საბაზრო ღირებულებაზე ათჯერ იაფად შევთავაზებთ ციტრუსის, ხილისა და ვაზის ჩითილებს", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
გარდა ამისა, სერვისცენტრის სპეციალისტები ფერმერებს უფასოდ ჩაურატებენ ტრენინგებს მემცენარეობა-მეცხოველეობის განვითარებასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაში. დაბა ჩაქვის გარდა, მეურნეობის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ გვარასა და ახალსოფელში.