თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში წიგნის „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები არიან გიორგი გოგოლაშვილი, ავთანდილ არაბული, მურმან სუხიშვილი, მარიამ მანჯგალაძე, ნინო ჭუმბურიძე და ნინო ჯორბენაძე.
გიორგი გოგოლაშვილის თქმით, „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის" აკადემიურმა კურსმა გააერთიანა ქართველ ლინგვისტთა რამდენიმე თაობის მეცნიერული ნააზრევი. "ეს წიგნი ქართული ენათმეცნიერების განვითარების ისტორიაში საპატიო მნიშვნელობის ნაშრომია. მან უნდა იტვირთოს ის როლი, რაც თავის დროზე შეასრულა ანტონ ბაგრატიონის „ქართული ენის ღრამმატიკამ" და შემდეგ აკაკი შანიძის „ქართული გრამატიკის საფუძვლებმა".
მარიამ მანჯგალაძის განმარტებით, "თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის" აკადემიურ კურსს გარდა თეორიული მნიშვნელობისა, დიდი პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. "იგი ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ქართული ენის მეცნიერული შესწავლის მსურველთ: უცხოელ ქართველოლოგებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებს და საერთოდ, ქართული ენის მორფოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ პირებს".
"თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი" დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.