პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მეორეული წარმოების სოფლის მეურნეობის ადგილობრივ პროდუქცია თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.
"ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ იყო მიმზიდველი სადისტრიბუციო კომპანიებისა და სავაჭრო ქსელისთვის. ამიტომაც სავაჭრო ობიექტები უპირატესობას სწორედ უცხოურ იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ანიჭებდნენ, რადგანაც საგადასახადო დაბეგვრის თვალსაზრისით, იმპორტირებული პროდუქტით ვაჭრობა ბევრად მომგებიანი იყო. ამ ცვლილების შედეგად, საქართველოში მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იმპორტირებულ ანალოგს გაუთანაბრდა. ახალი ინიციატივის ამოქმედება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი გლეხი და ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას, მიიღებს მეტ მოგებას და გააფართოებს საკუთარი მეურნეობასა და წარმოებას", - აღნიშნა პრესპიკერმა და დასძინა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდეტმა ხელი 19 მარტს მოაწერა და, შესაბამისად, შევიდა კიდეც ძალაში.