ნაგავსაყრელების მოსაწყობად ახალი სამსახური შეიქმნება. აღნიშნულს პარლამენტის მიერ "დგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დღეს დამტკიცებული ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით იგეგმებოდა, რომ თვითმმართველობებისთვის ჩამოეშორებინათ როგორც ნაგავსაყრალების მოწყობის, ისე დასახლებებში ქუჩების დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვის, განხორციელების უფლებამოსილებები.
დღეს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად კი, ადგილობრივ თვითმმართველობებს მხოლოდ ნაგავსაყრელების მოწყობის უფლება ჩამოშორდათ.
ნაგავსაყრელების მოწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის პირველ აპრილამდე, სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, შესაბამისი პროფილის კერძო სამართლის იურიდიული პირი უნდა დააფუძნოს და მისი 100%-იანი წილი მართვის უფლებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასცეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნაგავსაყრელების მოწყობას, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დაიწყებს.