დღეს, 16 მარტს, "ქრისტიან-დემოკრატები" ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს დეტალურად გააცნობენ. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჭიაბერაშვილი წლების განმავლობაში უცხოეთში მოღვაწეობდა და ამიტომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მისთვის დეტალურად გაცნობა აუცილებელია.
"მას ასევე გავაცნობთ ყველა ინიციატივას, რომელსაც "ქრისტიან-დემოკრატები" ამ ხნის განმავლობაში ვაყენებთ. რამდენადაც ვიცი, ევროსაბჭოში ის აქტიურად მოღვაწეობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჯანდაცვის წარმატებული მინისტრი იქნება. როგორც კი ჭიაბერაშვილი კონკრეტულ ინიციატივებს შემოგვთავაზებს, შემდეგ შევაფასებთ. ისე, დიდი ილუზიები არ მაქვს, რომ ჭიაბერაშვილი ძირეული ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ის სააკაშვილის და მისი მთავრობის პოლიტიკის ტყვე იქნება, - განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ მთავრობის შემადგენლობას "ქრისტიან-დემოკრატები" მხარს არ დაუჭერენ, რადგან ქვეყანაში ამა თუ იმ დარგის განვითარების შესახებ კარდინალურად განსხვავებული ხედვები აქვთ.