ხვალ, 6 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად ახალი ინიციატივის პრეზენტაციას გამართავს.
სამინისტრო USAID-ის მხარდაჭერით, ენერგოპოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ ერთობლივ სემინარებს ჩაატარებს. პრეზენტაციას USAID-ის თბილისის მისიის დირექტორი სტეფენ ჰეიკინი (Stephen M. Haykin) და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი გამართავენ.
სემინარებში მონაწილეობას საქართველოს მთავრობის, ენერგომარეგულირებელი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და გარემოსდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ექსპერტები მიიღებენ.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების საკითხებზე ღია დისკუსიები მოეწყობა.
სემინარები მომავალ 20 წლის განმავლობაში, ენერგოსექტორში დანახარჯების, იმპორტის, ენერგოსადგურების რაოდენობის გაზრდის, საინვესტიციო მოთხოვნილებებისა და ნახშირბადის გამოყოფის თაობაზე საკითხების ანალიზს მოიცავს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო USAID-თან ენერგოსექტორში რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობს. მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიცირების კუთხით, კონკურენტუნარიანობისა და კლიმატური ცვლილებების სტრატეგიული დაგეგმარების გასაუმჯობესებლად.