პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა 28 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის გამოსვლას და დებატებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
რეგლამენტის 138-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) - თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.