პრეზიდენტის პარლამენტში წლიური ანგარიშის შემდეგ დებატებს უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გახსნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, "ქრისტიან-დემოკრატმა" ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი თარგამაძე თავის გამოსვლაში ძირითადად პოლიტიკური აქცენტებს გააჟღერებს, თუმცა ამის შემდეგ საუბარი ასევე იქნება ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სფეროების იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მწვავედ დგას.
როგორც ცნობილია, 28 თებერვალს, 20:00 საათზე, პარლამენტში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით წარდგება, რომლის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება. რეგლამენტის 138-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) - თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.