საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "ქართული ოცნება" 200 000 ლარით დააჯარიმა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" უკანონოდ გადარიცხული თანხის უკან გადარიცხვაზე უარი განაცხადა, რაც კანონის უგულებელყოფაა.
"კონკრეტული მტკიცებულებების შესწავლის და ანალიზის შედეგად, დადასტურდა, რომ ნუგზარ ხუციშვილის მიერ "ქართუ მშენებელიდან" მიღებული პრემია იყო სრულიად შეუსაბამო როგორც მის ხელფასთან, ასევე შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან. ამდენად, სახეზეა რომ იურიდიულმა პირმა ფიზიკური პირის მეშვეობით განახორციელა უკანონო შემოწირულობა "ქართული ოცნების" ანგარიშზე რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის დამრღვევ ქმედებას წარმოადგენს. შესაბამისად, ორივე სუბიექტი როგორც ნუგზარ ხუციშვილი, ასევე "ქართუ მშენებელი" დაჯარიმდა უკანონო შემოწირულობის - 20 ათასი ლარის ათმაგი ოდენობით - 200 000ლარით. ასევე დაჯარიმდა "ქართული ოცნებაც". "ქართული ოცნებას" ჰქონდა ვალდებულება უკანონო ქმედებიდან განხორციელებიდან სამი დღის ვადაში უკან გადაერიცხა შემოწირული თანხა შემომწირველისგან, თუმცა არც საკუთარი ინიციატივით შეასრულა კანონის მოთხოვნა და არც საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვა შეასრულა. შესაბამისად უგულებელყო კანონის მოთხოვნები, რაც ასევე დასჯადი ქმედებაა", - განაცხადა მოგელაძემ.
კონტროლის პალატის 20 თებერვალს გაკეთებული განცხადების თანახმად, ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელისაგან" პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40.000 ლარი, რაც ფაქტობრივად მისი 4 წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20.000 ლარი პრემიის მიღებიდან 3 დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ მოძრაობა „ქართულ ოცნებას" გადაურიცხა.
მოგელაძის მტკიცებით, სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას. კონტროლის პალატამ მოსთხოვა„ქართულ ოცნებას", რომ "კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნოს უკან შპს „ქართუ მშენებელს"".
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადების გაკეთების დღესვე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თანხის უკან გადარიცხვაზე უარი განაცხადეს.