,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა უზრუნველყოფის'' პროგრამის ფარგლებში, აჭარის მთავრობამ ტექნიკის გაცემა დაიწო.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიზნობრივი პროგრამა ითვალისწინებს შემასხურებელი ძრავიანი აპარატის ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით (ღირებულების 50%-ის გადახდით) გადაცემას.
შემასხურებელი აპარატი გამოიყენება ციტრუსოვანთა, სხვადასხვა სახის ხეხილის, ვაზის, კარტოფილისა და ბოსტნეული კულტურების მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებებისათვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც თხევადი, ისე ფხვნილისებრი ქიმიური და ბიოპრეპარატის შესხურება-შეფრქვევა, სამუშაო ხსნარის ხარჯვა 1 ლ/წთ, ხოლო ფხვნილის ხარჯვა 4 კგ/წთ. სამუშაო ხსნარის გაფრქვევის მანძილი 10-12 მეტრის ის ფარგლებში მერყეობს. აპარატი გამოირჩევა ეკონომიური ხარჯვით, კერძოდ მისი დისპერსიული გამფრქვევი მექანიზმი საშუალებას იძლევა ერთეული სამუშაო ხსნარის გამოყენებით დამუშავებული იქნას ორჯერ მეტი ფართობი ვიდრე მანამდე არსებულ აგრეგატებს შეეძლო.
სამინისტროში განმარტავენ, რომ აპარატის გამოყენება მაღალეფექტურია საკარანტინო მავნებლის ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ საბრძოლველად პირველი და მეორე გენერაციის პეპელას, კვერცხისა და მატლად ყოფნის ყველა ფაზაში. ასევე, შესაძლებელია ფოთლოვანი გამოკვებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა პრეპარატებით ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების დამუშავება
ფერმერის მიერ თანადაფინანსებით გადასახდელი თანხა შეადგენს ღირებულების 50%, ანუ 219,42 ლარს. შესყიდული ტექნიკა გადანაწილებულია ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებზე. პროგრამით გათვალისწინებულია 255 ერთეული ზურგსაკიდი შემასხურებელი აპარატის მიწოდება ფერმერეზე.