2011 წელს აჭარის რეგიონიდან 51 ათას 100 ტონა მანდარინის რეალიზაცია მოხდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრში სამინისტროს საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, აჭარაში ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 85 ათას 940 ტონას შეადგენდა, თუმცა ნოემბრში მოსავლის საპროგნოზო მონაცემები განახლდა, რისი საფუძველიც ბაღებში ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა და ცუდი კლიმატური პირობები იყო. დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ციტრუსის მოსალოდნელმა მოსავალმა 71 ათას 430 ტონა შეადგინა (აქედან, მანდარინი 67 ათას 610ტ), მათ შორის: ქობულეთში - 39 305 ტონა და ხელვაჩაურში - 32 125 ტონა.
სეზონზე ციტრუსის მოსავლის აღება 1 თვის დაგვიანებით დაიწყო, რაც არახელსაყრელი კლიმატური პირობებით იყო გამოწვეული. მიუხედავად ციტრუსის (მანდარინი) რეალიზაციის მოკლე პერიოდისა, 2011 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით სულ რეალიზებულია 51 100 ტონა მანდარინი.
სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ციტრუსის არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავება ხორციელდება ქობულეთში მდებარე საკონსერვო ქარხანაში. საწარმოს რეაბილიტაცია უკრაინელმა ინვესტორებმა განახორციელეს, ხოლო ქარხნის მენეჯმენტს შპს "აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფი" უზრუნველყოფს. საწარმოში არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავება 2011 წლის 25 დეკემბრიდან დაიწყო. 30 დეკემბრის მდგომარეობით გადამუშავებულია 200 ტონამდე ციტრუსის არასტანდარტული ნაყოფი, საიდანაც წარმოებულია ციტრუსის კონცენტრირებული წვენი და ხილფაფა.