ENG / RUS       12+

ის ცუდია მაგრამ ჩვენია!?

აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ძალიან სიმბოლური და ნიშანდობლივი რამ მოხდა. როგორც ყველას გვახსოვს, 2005 წელს თბილისში ჩამოსულმა აშშ-ს პრეზიდენტმა სააკაშვილს საჯაროდ და მსოფლიოს გასაგონად უთხრა, რომ საქართველო რეგიონში „დემოკრატიის შუქურა" იყო. 2012 წელს კი ისევ აშშ-ს პრეზიდენტმა სააკაშვილს ასევ საჯაროდ და მსოფლიოს გასაგონად მოუწოდა, რომ საქართველოში „თავისუფალი და სამართლიანი" არჩევნები ჩაატაროს. აშშ-საქართველოს 20-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების მანძილზე ქართული დიპლომატიის ვეტერანებს უჭირთ გაიხსენონ პრეცედენტი რომ აშშ-ს პრეზედენტს საქართველოს პრეზიდენტისათვის ასეთი რამ ღიად ეთქვას. რა იდგა სინამდვილეში ამ რეკომენდაციის უკან?

1948 წლის 15 ნოემბრის ჟურნალ „Time"-ში და 1960 წლის 17 მარტის "CBS" რადიოგადაცემაში გამოქვეყნდა 1939 წელს აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ფრაზა, რომელიც შემდგომ ფრთოსან ფრაზად იქცა მთელს მსოფლიოში. ერთი ვერსიით, როდესაც რუზველტს მოუყვნენ რომ ნიკარაგუას დიქტატორი მმართველის ანასტასიო სომოსას მიერ ჩადენილ საშინელებებზე, მან უპასუხა „შესაძლოა სომოსა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენიანი ძაღლისშვილია!". მეორე ვერსიით, რუზველტის კითხვაზე „ეს კაცი როგორც ჩანს ძუკნაა?" მისი სახელმწიფო მდივნის ქორდელ ჰალის პასუხი იყო „არის, მაგრამ ის ჩვენი ძუკნაა."

შედგა თუ არა მსგავსი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე ობამასა და მისი ადმინისტრაციის წევრებს შორის, ვიზიტამდე ან ვიზიტის შემდეგ, ამას ჩვენ ბუნებრივია ვერ გავიგებთ. თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ამერიკელებს, რომლებმაც კარგად იციან თუ რა ხდება სააკაშვილის მიერ ჩამოშვებული ბრჭყვიალა ფარდის უკან, უჩნდებათ კითხვა: რა უყონ მათ ერთგულ მოკავშირე მაგრამ ავტოკრატ ლიდერს და მის გუნდს?. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, როგორც საქართველოში ისე აშშ-ში, ეს კითხვა ამერიკული პოლიტელიტისათვის სულ უფრო აქტუალური ხდება.

აქედან გამომდინარე ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, რამდენად გულწრფელი იყო სააკაშვილი, როდესაც ობამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მივიღე ის რის მიღებაც მსურდა!?"

აშკარად შეცდნენ ისინი, რომლებიც აცხადებდნენ რომ სააკაშვილისთვის მთავარი ოვალურ კაბინეტში ობამასთან ერთად დაფიქსირება იყო მსოფლიო მედია საშუალებების მიერ. ვიზიტის ერთკვირიანი ხანგრძლივობა და გამართული შეხვედრების ფორმატი და შინაარსი, სრულიად საპირისპიროს მეტყველებს და გვაფიქრებინებს რომ ვიზიტზე სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საკმაოდ დიდი ფსონი დადეს. რუზველტის ცნობილი ფრაზა შემთხვევით არ გვიხსენებია.

სწორედ ამ ვიზიტის დროს უნდა გარკვეულიყო სააკაშვილისათვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის აშშ-ს პოლიტიკური წრეების დამოკიდებულება სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლების სათავეში დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით, იმ ნეგატიური მოვლენების ფონზე რაც საქართველოში ბოლო 3-4 წლის მანძილზე მოხდა (დემოკრატიის უხეში დარღვევები, არჩევნების გაყალბებA, აგვისტოს ომი).

ვაშინგტონში სააკაშვილის შეხვედრების დონიდან გამომდინარე, ასევე საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით, ობამას ცნობილი განცხადება სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების ფორმალურ გადაცემაზე, უკვე აღარ შეიძლება გავიგოთ ისე ცალსახად, როგორც ეს მოახდინა ოპოზიციამ და ექსპერტთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომლებმაც ამ მოწოდებაში ერთმნიშვნელოვნად დაინახეს სააკაშვილისა და ნაცმოძრაობისადმი მოწოდება ხელისუფლების დათმობისკენ. თუმცა, ამ კუთხით დაგროვილი გამოცდილება და პრაქტიკა, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველსაც, რომ ობამამ სააკაშვილს მოუწოდა მომავალი არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ აღარ დააყენოს, ოფიციალური ვაშინგტონი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს და ამით დამატებითი პრობლემები არ შექმნას არც საკუთარი თავისათვის და არც აშშ-ს ინტერესებისათვის საქართველოში.

ის რომ აშშ-ს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია გარკვეულ პირობებში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების მხარდაჭერა, მარტო ანასტასიო სომოსას მაგალითით არ დასტურდება.

სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს რომ თავი დავანებოთ, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ამის მკაფიო მაგალითები არიან ისლამ კარიმოვის რეჟიმი უზბეკეთში და ნურსულტან ნაზარბაევის ყაზახეთში. საკმარისი იყო ოშის ცნობილი სისხლიანი მოვლენების შემდეგ კარიმოვს აშშ-სთვის ხანაბადში სამხედრო ბაზა შეეთავაზებინა და ამით ავღანეთში აშშ-ს ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა, რომ მის მიერ ჩადენილი ყველა უმსგავსოება დროებით უკანა პლანზე გადავიდა. გარდა ამისა, უზბეკეთი საიმედო პარტნიორია ცენტრალური აზიიდან ნავთობის ტრანზიტის საკითხში აშშ-სთვის, რომელიც ცდილობს შეამციროს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დამოკიდებულება ნავთობის მიწოდებაზე. ცნობილია, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი და ფინანსთა მინისტრი პოლ ო'ნილი მადლობებით ავსებდნენ და აქებდნენ კარიმოვს გაწეული სამსახურისათვის. თუმცა, ბოლო დროს, ვაშინგტონი სულ უფრო აქტიურად ითხოვს ტაშკენტისგან დემოკრატიის ელემენტარული უფლებეების პატივისცემას, რაც იმის ნიშანია, რომ კარიმოვი უკვე ძალზედ ოდიოზური ფიგურა გახდა მათთვის.

გახდა თუ არა მათთვის ასეთივე ოდიოზური ფიგურა სააკაშვილი? პასუხი ამ კითხვაზე ცალსახაა - რა თქმა უნდა „არა"!, თუ შევადარებთ დემოკრატიის დონეს საქართველოსა და უზბეკეთში. თუმცა ვაშინგტონში კარგად უწყიან საქართველოში დემოკრატიულობის დეფიცტის მაღალ ხარისხს. თუმცა როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ ეს დემოკრატიის დეფიციტს კრიტიკული ზღვარისათვის ჯერ არ მიუღწევია და იგი ჯერ კიდევ ნეიტრალდება ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის ზრდითა და სხვა რევერანსებით.

აქვე აშშ-ს კიდევ ერთი გამოჩენილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის აფორიზმი შეიძლება გავიხსენოთ „ამ ქვეყანაზე ორი უძველესი პროფესია არსებობს. მეორე პოლიტიკაა და მისი მსგავსება პირველთან ეჭვს არ იწვევს."

იძულებული ვარ გავიმეორო ერთ-ერთ ადრინდელ სტატიაში მოყვანილი ნაშრომი "Open Authoritarian Regimes: Surviving and Thriving in the Liberal International Order" რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარებს ნააზენ ბარს, ელი რატნერს და რეჯინ სპექტორს ეკუთვნით. ეს სწორედ ის უნივერსიტეტია, სადაც ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის გამოსვლას აუდიტორიის ოვაციები შეხვდა. კვლევაში დეტალურად არის გარჩეული თუ როგორ ახერხებენ ავტორიტარული რეჟიმები გადარჩენას და განვითარებას საერთაშორისო სისტემასთან თავიანთი კავშირების გამოყენებით, დემოკრატიის და ლიბერალური რეფორმების სელექტიური განვითარებითა და კვაზი-რეფორმისტული „ინოვაციური" მოდელების შეთავაზებით. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სააკაშვილი სწორედ ასეთ „ქართულ მოდელს" უწევდა პროპაგანდას. ობამამ და სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დემოკრატიის სწორედ ასეთი „ქართული მოდელი" მიიჩნიეს სამაგალითოდ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იყო, ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის გამოსვლა მსოფლიო ბანკის ოფისში, სადაც საქართველოში ინსტიტუტების მშენებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილებაზე წიგნის პრეზენტაცია შედგა.

სარწმუნო წყაროებით ცნობილია, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ვაშინგტონის ადმინისტრაციას წინადადებებისა და შეთავაზებების მთელი პაკეტი ჩაუტანეს განსახილველად. ამ პაკეტის შინაარსის მცირე ნაწილი სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრაზე გაახმაურა, როდესაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი და გაცილებით უფრო პლურალისტული პოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ ისაუბრა.
სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ მაღალი ალბათობით დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პრემიერ-მინისტრად დარჩენის საკითხი. თუმცა დღის წესრიგიდან ჯერ საბოლოოდ არ მოხსნილა მისი ხელისუფლებაში სხვა ფორმით დარჩენის პრობლემა და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი როგორი რეაქცია ექნება ამაზე დასავლეთს და კონკრეტულად ოფიციალურ ვაშინგტონს.

ნელ-ნელა იკვეთება სააკაშვილის ამერიკული ვოიაჟის გავლენა შიდაპოლიტიკურ პროცესებზეც. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში შესული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ახალი ცვლილებებია მოსალოდნელი. „ნაცმოძრაობის" ტაქტიკა, რომელსაც ისინი არჩევნებიდან არჩევნებამდე იყენებენ, იოლი ამოსაცნობია. არჩევნების წინ ისინი მაქსიმალურად ამძიმებენ საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობას, შემდეგ კი კოსმეტიკური და არაფრისმომცემი ცვლილებებით საერთაშორისო წრეებს უქმნიან ილუზიას, რომ დიალოგსა და დათმობებზე წავიდნენ. თუმცა ამ არჩევნებზე, ცნობილი მიზეზების გამო, სიტუაცია სპეციფიკურია და ფსონებიც ძალიან მაღალი. ამიტომაც არჩევნებამდე დარჩენილ 9 თვის მანძილზე საქართველო გადადის ვაშინგტონის მხრიდან აქტიური დაკვირვების მდომარეობაში რათა დაადგინონ თუ პოლიტიკური ძალების როგორი კონფიგურაცია უპასუხებს ყველაზე უკეთ აშშ-ს და მისი მოკავშირეების ინტერსებს.

გასული წლის სექტემბერში აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა GHN-თან ინტერვიუში ღიად განაცხადა „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში რა ტიპის და ღირებულებების მთავრობა იქნება. აშშ-სთვის მთავარია, შენარჩუნებული იქნას ქვეყნის კურსი, და ღირებულებები." და რომ „საქართველოა ის ქვეყანა, რომლის ბოლო 7 წლის სცენარის გამეორებას აშშ ბევრგან ისურვებდა." სწორედ ეს მოსაზრება: „საქართველო როგორც მოდელი სხვებისათვის," გასდევდა წითელ ზოლად სააკაშვილის ამერიკულ ვოიაჟს. ის რომ "საქართველო ამერიკისთვის ღირებული პარტნიორია" გაანცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას და რაღა თქმა უნდა ამაში იგულისხმა არსებული ხელისუფლება, როდესაც დაამატა, რომ სწორედ ამის გამოა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი.
ეს შესაძლოა იმითაც იყო გამოწვეული, რომ სააკაშვილის ვიზიტის პერიოდს დაემთხვა რუსეთში ოპოზიციის ანტი-პუტინური გამოსვლები, რომლებიც „ფერადოვანი რევოლუციის" ტიპიური სცენარით მიმდინარეობს და ამ აქციების წარმატებაში აშშ-ს დაინტერესება თითქმის ეჭვს აღარ იწვევს. ამ კუთხით კი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მიაგნეს მათთვის სანუკვარ ნიშას და სავარაუდოდ ამერიკელებს „რევოლუციის ექსპორტის" პროექტი წარუდგინეს.

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენების დეტალური განხილვა (ჩვენის მხრივ დავამატებთ, მათში საქართველოს როლი) ობამა-სააკაშვილის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „რუსეთის სისტემის რღვევის უმოკლესი გზა რეფორმების უარყოფასა და უგულვებელყოფაზე გადის, ეს არის გზავნილი, რომელიც ვაშინგტონიდან მომაქვს," განაცხადა სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 48-ე კონფერენციაზე.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც აშშ-ში საკაშვილის პარალელური ვიზიტით იმყოფებოდა და ობამას გამოკლებით შეხვდა პრაქტიკულად იგივე ხალხს ვისაც სააკაშვილი, აცხადებს, რომ აშშ-ში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილს დემოკრატი ლიდერის რესურსი ჯერ არ ამოუწურავს. ცოტა ვინმემ თუ მიაქცია ყურადღება იმას, თუ რა ხაზგასმით აღნიშნა ობამამ სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურება რელიგიურ უმცირესობების დაცვაში. საქმე რა თქმა უნდა ეხება იმ ცნობილ საკანონმდებლო ცვლილებებს რელიგიურ ორგანიზაციების სტატუსის გათანაბრებაზე, რომლებმაც ჩვენს საზოგადოებაში ასეთი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აშკარაა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მიხეილ სააკაშვილს, მისი შეცდომებისა და ჩადენილი უმსგავსოებების მიუხედავად, მაინც თავისიანად მიიჩნევს. თუ გამოვალთ იმ დაშვებიდან, რომ აშშ სააკაშვილს და მის გუნდს განიხილავს როგორც თავის სტრატეგიულ რესურსს საქართველოსა და რეგიონში, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გაკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილის გუნდმა ქვეყანაში მართვის ბერკეტები არ დაკარგოს.
P.S. დასავლეთს და განსაკუთრებით აშშ-ს, აქვთ ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ შედარებით მოკლე დროში უზრუნველყონ საქართველოში რეალური ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბება და განვითარება. ამისათვის კი ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და მისი შედეგების (როგორც არ უნდა იყოს იგი) ცნობის გარდა, საჭიროა „დემოკრატიისკენ იძულება." ეს კი გულისხმობს საქართველოსთვის დასავლეთის ფინანსურ-ეკონომიური თუ სხვა სახის დახმარების, პირდაპირ და კატეგორიული ფორმით მიბმას დემოკრატიზაციის დროში გაწერილ კონკრეტულ ( ვთქვათ სამწლიან) პროგრამასთან. ამ პროგრამის ფარგლებში უნდა მოხდეს საარჩევნო გარემოს შეუქცევადი დემოკრატიზაცია, მედიის გათავისუფლება, ძალოვანი და მართლმსაჯულების სტრუქტურების სრული დეპოლიტიზაცია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე აკრძალვების მოხსნა, საპატიმროებში ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და სხვა რეფორმები.

"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .