საქართველოში აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემა დაინერგება, რაც კერძო სექტორს, შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, ხარჯებს შეუმცირებს.
შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარიული კომპანია - "SICPA Security Solutions SA". - შორის, აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.
„შემოსავლების სამსახურის ინტერესში იყო, რომ აქციზური მარკების აღრიცხვისა და შესაბამისად აქციზის საგადასახადო აღრიცხვების ელექტრონული სისტემა დაგვენერგა და თანამედროვე ტექნოლოგიები ამ სფეროშიც შემოგვეღო. რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს ვაკონტროლოთ მყისიერად, ონლაინრეჟიმში, თუ რომელმა კომპანიამ რა ტიპის პროდუქცია და რა რაოდენობით აწარმოა და რა რაოდენობის პროდუქცია შევიდა ბაზარზე. ეს ყველაფერი კი გვაძლევს ეფექტური კონტროლის საშუალებას და ასევე, მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაარკვიოს ესა თუ ის პროდუქცია არის ორიგინალი თუ ფალსიფიცირებული", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მარკირების ახალი სისტემის დანერგვით შესაძლებელი ხდება აქციზურ და არააქციზურ საქონელზე ქაღალდური და უშუალო მარკირების განხორციელება; მონაცემთა მართვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შექმნა; ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის მარკირების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში ფლობა; სამომხმარებლო ბაზარზე მარკირებული საქონლის მოძრაობის კონტროლი/მონიტორინგი; ადგილობრივ საწარმოებში საწარმოო წუნის აღრიცხვა/შემცირება; მომხმარებლის დაცვა ფალსიფიცირებული საქონლის მოხმარებისგან.
შემოსავლების სამსახუხრმა "აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ" კონკურსი 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადდა. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომპანიამ, რომელთაგან შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებული საკონკურსო პირობები ყველაზე სრულყოფილად დააკმაყოფილა შვეიცარიულმა კომპანიამ "SICPA Security Solutions SA".
შვეიცარიული კომპანიის მიერ შემოთავაზებული სისტემით, პროდუქციაზე მარკირების განხორციელება შესაძლებელია სპეციალური უნიკალური დამცავი კოდის მეშვეობით, რომელიც დაიტანება მარკაზე ან უშუალოდ საქონელზე. საწარმოო ხაზზე პროდუქციის მოძრაობას აკონტროლებს კომპანიის მიერ წარმოებული აპარატები, რომელთა საშუალებითაც ხდება პროდუქციის ამოცნობა, მარკირება, დატანილი მარკის ხარისხის კონტროლი და მარკის უნიკალური კოდის ბაზაში აქტივაცია. ინფორმაციის მოგროვება და ბაზაში გადაგზავნა ხორციელდება ავტომატურად, სპეციალური აპარატის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ დატანილი მარკის ხარისხის კონტროლის დროს წუნდებული მარკის შემთხვევაში პროდუქტი ვარდება საწარმოო ხაზიდან, რაც მწარმოებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საწარმო წუნის აღრიცხვას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ საწარმოო პროცესს.
ებანოიძის განმარტებით, საწარმოში ელექტრონული მარკირების აპარატის დადგმა ბიზნესისთვის უფასო იქნება და მეწარმეს მისი ღირებულების გადახდა არ მოუწევს. ებანოიძის თქმით, აქციზური მარკის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის პროიდუქციის მარკირება ხდება აქციზური მარკით,
„მაგალითად თამბაქოს შემთხვევაში მარკის ღირებულება სხვაა და ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის სულ სხვა. ასევე მარკირება დამოკიდებულია თუ რა საწარმო სიმძლავრეები აქვს ამ კომპანიას. თუ საწარმოს მაღალი სიმძლავრე აქვს და დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქციას უშვებს ის მარკირება ელექტრონულად მოხდება ანუ თვითონ პროდუქციაზე შტრიხკოდის ბეჭდვით, რაც მეწარმეს მნიშვნელოვნად დაუზოგავს სხვადასხვა ხარჯებს.
ხოლო ისეთი პროდუქტი, სადაც წარმადობა საკმაოდ დაბალია, ამ შემთხვევაში, მარკირება კვლავ ქაღალდის მარკებით გაგრძელდება. ასევე იმპოტიორები, რომლებიც დღემდე ახდენენ იმპორტირებას ქაღალდის მარკებით გაგრძელდება სამომავლოდაც", - აცხადებს ებანოიძე.
მისივე თქმით, 1000 ცალ პროდუქტზე საშუალოდ მარკირების ღირებულება 5 ევრო იქნება, რაც რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით თითქმის 2-ჯერ და 3-ჯერ იაფია.