დიდთოვლობამ და ყინვამ ციტრუსს საშიშროება შეუქმნა. თოვლისა და ყინვის გამო, დაზიანების საშიშროება ემუქრება სუბტროპიკულ მცენარეებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას ურჩევს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ თოვლის დღე-ღამურ ინტენსივობას. თოვლის საფარის 10 სმ-მდე მატების შემთხვევაში აუცილებელია დღისით ციტრუსის ზრდასრული ნარგავების თოვლისაგან ფრთხილად გათავისუფლება, ვინაიდან დამძიმებული ძირითადი ტოტების უეცარი დაბერტყვა გამოიწვევს მოტეხვას. ხოლო ღამის საათებში წაყინვის ასაცილებლად უმჯობესია ბაღის დატოვება თოვლის მცირე საფარ ქვეშ.
იმავდროულად, ცალკეული ნაკვეთებისადმი საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, თოვლისა და ყინვისაგან ციტრუსის პლანტაციის დაცვის მიზნით გათბობის სხვადასხვა საშუალებების (ჩალის, ნამჯის ანარჩენების, ამორტიზირებული საბურავების) გამოყენება - დაწვა და კვამლის გაშვება გაბატონებული ქარების მხრიდან, ახალგაზრდა ნარგავების შეფუთვა და სხვა.