დღეს, 19 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართება ნავთობკომპანიების დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონიალი.
ნომინანტებს შორის წარდგენილი იქნება კომპანია „თეგეტა მოტორსი", როგორც „2011 წლის საუკეთესო ხარისხის მქონე კომპანია ავტოპროდუქტებისა და სერვისის დარგში".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეგეტა მოტორსიდან აცნობეს, შესაბამის ნომინაციაზე კომპანიის წარდგენა უპირველეს ყოვლისა განაპირობა უმაღლესი ხარისხის ავტოპროდუქტებმა, სწორმა და მაღალკვალიფიციურმა მენეჯმენტმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის ცენტრებმა, რომელთაც „თეგეტა მოტორსი" ათასობით ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს. ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და პრიზები.
აღნიშნული ღონისძიება ერთგვარი შეჯამებაა წლის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ბიზნეს სექტორში მიმდინარე მოვლენებისა.
ოფიციალური ცერემონიალის დაწყებამდე ცალკე დარბაზში წარმოდგენილი იქნება თითოეული კომპანიის სტენდი, სადაც განთავსებული იქნება მათი კომპანიის წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახეველი სურათები.
ღონისძიებას დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
ღონისძიებისთვის პრიზებს დაამზადებს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი წულუკიძე.