სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შიდა აუდიტორთა ტრენინგები იწყება.
დღეს, 2 თებერვალს გერმანულ სახლში ფინანსთა სამინისტროსა და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც 12 სამინისტროს, ასევე მთავრობის კანცელარიისა და კონტროლის პალატის შიდა აუდიტის სუბიექტების უფროსები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრა/სემინარი წარმართა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის მოწვეულმა ექსპერტმა ინგო ზორგაცმა.
შეხვედრის მიზანია, ქართველი კოლეგებისთვის შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების ილუსტრირება და განხილვა, გერმანიის პრაქტიკის შედარება საქართველოში არსებულ რეალობასთან.
სახელმწიფოში შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ფუნქციონირება საჯარო ფინანსების მართვის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და უზრუნველყოფს სახელმწიფო რესურსების ეფექტურად მართვას.
ფინანსთა სამინისტრომ და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს სამდივნომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობას 2011 წელს დაიწყო. აღნიშნული ორგანიზაცია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დაკვეთით მუშაობს.
თანამშრომლობა ითვალისწინებს მხარდაჭერას სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების კუთხით. ერთობლივი მუშაობის შედეგად, შემუშავდა 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა. 2012 წლის პრიორიტეტებია: შიდა აუდიტორების ტრენინგი (როგორც შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსების, ასევე თანამშრომლების). არსებული მეთოდოლოგიის დახვეწა, პრაქტიკული სახელმძღვანელოების შემუშავება და მოწვეულ ექსპერტთა დახმარებით საპილოტე აუდიტების ორგანიზება.