აშშ-ის შემდეგ საქართველომ მითვისებული ეროვნული ბრენდები გერმანიაშიც დაიბრუნა. როგორც დღეს საქპატენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, წლების განმავლობაში გერმანიაში მოღვაწე რუსული კომპანია " moscow wine and spirts company GMBH -ის" მიერ მითვისებული ქართული ღვინის ბრენდები "წინანადალი", "ქინძმარაული", "ხვანჭკარა" უკვე ქართული მხარის საკუთრებაა. საქპატენტის მიერ გერმანიაში წარმოებული რამდენიმეთვიანი დავა საბოლოოდ ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა.
როგორც საქპატენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ღვალაძემ აღნიშნა 2011 წელს მისი უწყებისთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებაში 2011 წლიდან კომპანია " moscow wine and spirts company GMBH -ს" სახელზე რეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები "წინანადალი", "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა".
საქპატენტმა დაიქირავა გერმანიული იურიდიული კომპანია, რომლის მეშვეობითაც საჩივრით მიმართა გერმანიის საპატენტო უწყებას და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება. საჩივარში განმარტებული იყო, რომ "წინანდალი", "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა" არის რეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა და დაუშვებელია მათი სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია, რომელიმე უცხოური კომპანიის მიერ.
"პარალელურად საქპატენტმა გერმანელი ადვოკატების მეშვეობით დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება კომპანია moscow wine and spirts company GMBH -ის ადვოკატებთან, რათა კომპანიას უპირობოდ, დავის გარეშე, გაეუქმებინა თავის სახელზე რეგისტრირებული ქართული ღვინოები. პროცესში ჩართული იყო საქართველოს მთავრობაც და ჩვენი საელჩო გერმანიაში. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, სადაც რეგისტრირებული იყო აღნიშნული კომპანია, თუმცა კომპანიასთან პირისპირ დალაპარაკება ვერ მოხერხდა, რადგან ისინი ხშირად იცვლიდნენ მისამართებს და მხოლოდ ადვოკატების საშუალებით გველაპარაკებოდნენ",- განაცხადა ირაკლი ღვალაძემ.
ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი მყარი არგუმენტების გათვალისწინებით, საბოლოოდ კომპანია moscow wine and spirts company GMBH -მა აღარ გააგრძელა "წინანდალის", "ქინძმარაულის" და "ხვანჭკარას" რეგისტრაციის პროცედურა, შესაბამისად გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ moscow wine and spirts company GMBH -ის სახელზე რეგისტრირებული ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებზე რეგისტრაცია გაეუქმებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ასახულია გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების ოფიციალურ რეესტრში.
როგორც ღვალაძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ კომპანიას მიზანმიმართულად ჰქონოდა დარეგისტრირებული აღნიშნული სასაქონლო ნიშნები, რადგანაც მათი მხრიდან აღნიშნული ღვინის ჩამოსხმის ფაქტები არ ფიქსირდება. ღვალაძე არ გამორიცხავს, რომ " moscow wine and spirts company GMBH -მა" ქართული ეროვნული ბრენდები სპეციალურად დაარეგისტრირა, რათა შემდეგომ ეს დავის და ვაჭრობის საგანი გამხდარიყო. ღვალაძე აცხადებს, რომ მისი უწყება სხვადასხვა ქვეყნებში მონიტორინგს აგრძელებს და ამ დროისათვის არცერთ ქვეყანაში ანალოგიური დარღვევა არ ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე "ხვანჭკარა" ყველა უფლება გადაეცა საქართველოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის ექნება უფლება საქართველოს ნებართვის გარეშე აშშ-ს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ შეიტანოს ამ სასაქონლო ნიშნით მარკირებული საქონელი. „დოზორცევ ენდ სანისთან" პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ქართულმა მხარემ აშშ-ში ქართული ადგილწარმოშობის 18 ღვინის რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. იმის გამო, რომ "ხვანჭკარა" 2005 წელს იმპორტიორ კომპანიაზე „დოზორცევ ენდ სანი" იყო დაპატენტებული, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. საქპატენტი, საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე განაგრძობს აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებაში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 17 დასახელების სასაქონლო ნიშნებად რეგისტრაციის პროცესს. ამასთან, საქპატენტი აქტიურად მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაიზარდოს რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რაოდენობა, რათა რეგისტრაციისა და შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების ამოქმედების შედეგად, სახელმწიფომ შეძლოს ყველა რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის სახელით წარმოებული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტზე სათანადო კონტროლის განხორციელება, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ პროდუქციის მაღალი ხარისხი და დავიცვათ იგი ფალსიფიცირებისგან. ამ დროისთვის ევროკავშირთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით, ევროპის ქვეყნებში 18 ქართული ადგილწარმოშობის ღვინოა დარეგისტრირებული. ესენია "ატენი", "ახაშენი", "წინანდალი", "გურჯაანი", "კარდენახი", "კახეთი", "კოტეხი", "ყვარელი", "მანავი", "მუკუზანი", "ნაფარეული", "ქინძმარაული", "სვირი", "თელიანი", "ტიბაანი", "ტვიში", "ვაზისუბანი" და "ხვანჭკარა".