ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ კალაუბნის ქუჩა N10 - ში მდებარე შენობიდან სკოლა-ლიცეუმ "ლამპარის" „გამოსახლება" კანონიერად ხდება. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკოლა-ლიცეუმ "ლამპარის" თანამშრომლებმა 2011 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე თვითნებურად დაიკავეს თბილისში, კალაუბნის ქუჩა N10 - ში მდებარე შენობა.
"ლამპარის" ხელმძღვანელობამ ყურადღების გარეშე დატოვა როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ისე სხვა სამთავრობო უწყებების არაერთი გაფრთხილება, დაეცალათ უკანონოდ დაკავებული შენობა. შედეგად, 2012 წლის იანვრის დასაწყისში განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაში უკანონოდ მყოფი პირის გამოსახლების უზრუნველმყოფი ღონისძიება, ქონების გამოთავისუფლებისა და მესაკუთრისთვის გადაბარების მიზნით. ამჟამად სახელმწიფო ქონება დალუქულია", - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა სკოლა-ლიცეუმ "ლამპარში". სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. შენობას, რომელიც სკოლა - ლიცეიუმია განთავსებული მათ ეკონომიკის სამინისტრო ედავება.
ლამპარის წარმომადგენლების განცხადებით ფართი იჯარით აქვთ აღებული და შენობიდან მათი გაყვანა უკანონოდ ხდება.
სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს როდის და სად განახლდება სწავლება. სკოლაში ამ დროისთვის 150-მდე მოსწავლეა.