20 იანვარს, 10:00 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ საქართველო-თურქეთის ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი, ასევე თურქეთის საბანკო სექტორისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური გახსნის. მონაწილეებს ალექსანდრე ხეთაგური და თანერ ილდიზი მიესალმებიან. შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაციებს სახელოსუფლებო და კერძო სექტორის წარმომადგენლები გამართავენ.
12:00 საათზე ალექსანდრე ხეთაგური და ტანერ ილდიზი ბორჩხა-ახალციხეს დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს და ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდირი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 19 იანვარს ჩამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები