ENG / RUS

ზვიად ძიძიგური: კიდევ ერთი კოალიციის შექმნას არ გამოვრიცხავ

რესპოდენტის შესახებ

"კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელიც ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის ირგვლის შექმნილ კოალიციაშიცაა, კიდევ ერთი კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამ კოალიციაში, შესაძლოა, გაწევრიანდნენ ის ძალები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიასთან არ მოიაზრებიან. ამ და სხვა საკითხების შესახებ "ჯი-ეიჩ-ენი" თავად ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:

- ბატონო ზვიად, პირველ ყოვლისა, საუბარი მინდა დავიწყო ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის გადაწყვეტილებით, რომელიც მისი მხრიდან პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება. როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ხვედელიძემ იმიტომ მიიღო, რომ ივანიშვილი კოლეგებს არ ენდობა. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობის დაბრუნების იმედი აღარ აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ხვედელიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება?

- ეს არის იმ იურიდიული ომის ერთ-ერთი დეტალი, რომელიც მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ივანიშვილის მეუღლის გუშინდელი განცხადება გულისხმობს, რომ იურიდიული თვალსაზრისით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა დაჩქარდეს. ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებას ყველანი ვხედავთ. ერთი მხრიდან სააკაშვილის მრჩეველი იურისტები მოქმედებენ და მეორე მხრიდან იურისტები კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელისუფლებამ ატეხა, არის უბრალოდ უსუსური. ოჯახის წევრები არიან ძმები კუბლაშვილები, მაგრამ ვინმემ პავლე კუბლაშვილს უთხრა, რომ მისი იურიდული კომიტეტის თავჯდომარეობა არ შეიძლება, იმიტომ რომ მისი ძმა არის სასამართლოს თავჯდომარე?! ვფიქრობ, სახეზეა ხელისუფლების შეშფოთება. რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას ივანიშვილის მხრიდან, მეორე მხრიდან ხვდება ისტერიკა და ეს ისტერიკა ჩემთვის სავსებით გასაგებია. სააკაშვილი გრძნობს, რომ ხელისუფლების რეალურად შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდა და ეს ჩანს მის ყველა გამოსვლაში. არ გამოვრიცხავ იმ ვარიანტსაც, რომ ეს იყოს ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, რომელსაც იმ შემთხვევაში აამოქმედებს, თუ მოქალაქეობას არ აღუდგენდნენ, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაში ევროკავშირი უდგას ზურგს უკან. ამიტომ ასე იოლი არ არის ივანიშვილზე ხელის აქნევა მოქალაქეობის აღდგენის თვალსაზრისით.

- რამდენად საკმარისი დრო აქვს ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებისთვის და შემდეგ უკვე წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ არ არის საქართველოს მოქალაქე და ეს პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო გაიწელოს...

- დრო არის სავსებით საკმარისი, რადგან უკვე მიმდინარეობს მომავალი კოალიციის სტრუქტურის ფორმირება და ეს საკითხები არის დაძრული. არჩევნები რომ ჩატარდეს მაისში, ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილი კოალიცია მომზადებული შეხვდება. თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, მაინც ვფიქრობ, რომ ოქტომბერში იქნება არჩევნები. არც ისაა გამორიცხული, ხვალ დილით სააკაშვილმა ცუდსიზმარნანახზე გაიღვიძოს და დანიშნოს მაისში. ვერავითარ პროგნოზირებას ეს თემა ვერ ექვემდებარება, თვითონ სააკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე.

- ივანიშვილის განცხადებით, "ეროვნულ ფორუმთან" თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რა ეტაპზე ამ დროისთვის მოლაპარაკებები და კიდევ რომელ პოლიტიკურ ძალასთან იგეგმება თანამშრომლობა?

- მოლაპარაკება როცა დასრულდება, საერთო განცხადება შემდეგ გაკეთდება. მე მანამდე არ ვარ უფლებამოსილი პირი, ისევე, როგორც ცალკე აღებული სუბიექტები მომავალი კოალიციისა, რომ განცხადება ვაკეთო, თუ რა ეტაპზეა ამა თუ იმ პერსონასთან თუ პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკების პროცესი. ჩვენც გვქონდა დიდი ხნის განმავლობაში კონსულტაციები ივანიშვილთან და მის პარტნიორებთან და ეს კონსულტაციები არავინ იცოდა, რომ მიმდინარეობდა. როცა გამოცხადდა გაერთიანების შესახებ, შემდეგ გაიგო საზოგადოებამ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კოალიცია უფრო ფართო სახეს მიიღებს. თუ როგორ სახეს მიიღებს და როგორი იქნება დინამიკა ამ მიმართულებით, ამაზედაც ინფორმაციას საზოგადოება განცხადების სახით მიიღებს. ამ ექსკლუზივის უფლება, თუ ვისთან კოალიცია კიდევ ვისთან ითანამშრომლებს, დავუტოვოთ თავად ივანიშვილს.

- რაც შეეხება იმ თანხებს, რომელიც ივანიშვილსგან გადმოგეცათ - რისთვის გადმოგეცათ დარაში დახარჯეთ?

- არჩევნებს სჭირდება საწვავი, ტექნიკა და ადამიანები, რომლებიც ხელფასით არიან უზრუნველყოფილნი. ამ საკითხებში დაიხარჯა ძირითადად თანხები. 1-ლი თებერვალი არ არის შორს, როდესაც პარტიები გამოაქვეყნებენ, რაში დახარჯეს ფული. კონტროლის პალატაში დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან ამ ოფიციალურად გამოცხადების თარიღს. არც ერთი თეთრი არ დახარჯულა პირადი საჭიროებისთვის.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად მოითხოვა კონტროლის პალატამ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებისგან"?

- კონტროლის პალატას არავითარი უფლება არ აქვს საზოგადოებრივი მოძრაობების კონტროლის. იმ პარტიებტან მიმარტებაში, რომლებიც ღებულობენ საბიუჯეტო დაფინანსებას, აქვს კონტროლის პალატას ლოგიკური უფლება, იკითხოს, რაში დაიხარჯა საბიუჯეტო თანხები. "ქართულ ოცნების" შემთხვევაში კი გაუგებარია, რომელი ნორმატიული აქტით ან რომელი კანონით მივიდნენ შესამოწმებლად. იმ კანონითაც კი, რომელიც ისტერიული ხასიათითაა გამორჩეული, რადგან ყველგან ჩანს ივანიშვილის მიმართ არსებული შიში - არ ჰქონდათ უფლება საზოგადოებრივი მოძრაობის შემოწმება დაეწყოთ. უკანონობაა, რაც კონტროლის პალატამ ჩაიდინა. ეს საკითხი ასე არ დარჩება. საზოგადოებრივი ორგანიზაციის იურიდიული ჯგუფი ამაზე, რამდენადაც ვიცი, მუშაობს და ამ საკითხს თავისი იურიდიული სამართლებრივი რეაგირება ექნება. რაც შეეხება ჩვენს კონტროლს... კონტროლი ხელისუფლების მხრიდან ისედაც არასდროს გვაკლდა. ჩვენს ტელეფონებს მერაბიშვილიდან დაწყებული ყველა უსმენს, ჩვენს ნებისმიერ გადაადგილებას ყველა თვალყურს ადევნებს. გვამოწმოს, რამდენიც უნდა, კონტროლის პალატამ, ჩვენ არც გვეშინია და არც გვეხამუშება. უბრალოდ, ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მაზანდა აიწია. პირადი პროკურორი დაგვინიშნეს, რაც მათი მხრიდან დაფასებაა. მივესალმები ასეთი ტიპის დაფასებებს.

- როგორი სახით იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია?

- კოალიცია საარჩევნო ბლოკის პრინციპით იქნება ჩამოყალიბებული და საარჩევნო ბლოკის სახეს მიიღებს. ასეთი ტიპის კოალიციების არსებობაში სიახლე არ არის. ასეთი კოალიციაში ვიყავით ჩვენ ადგილობრივი არჩევნების დროსაც, საპარლამენტო არჩევნების დროსაც. ერთიანი სიები იქნება და მაჟორიტარის კანდიდატურაც იქნება ერთობლივად შეთანხმებული. რაც შეეხება კამპანიას. ვფიქრობ, რომ აქტიური კამპანია უკვე უნდა დავიწყოთ. როგორც კი ცენტრალური სტრუქტურების ფორმირება დასრულდება, პირდაპირ უნდა გადავიდეთ აქტიურ კამპანიურ რეჟიმზე.

- იმ დროს, როდესაც აკრიტიკებთ საარჩევნო კოდექსს და არ გამორიცხავთ არჩევნების გაყალბებას, როგორ მოახერხებთ გამარჯვებას?

- არჩევნების გაყალბებისთვის ნიადაგს ქმნის საარჩევნო კოდექსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებს გაგიყალბებენ ყველა ვარიანტში. არც ერთ საარჩევნო კოდექსში არ წერია, რომ "კარუსელი" უნდა დაატრიალო, მაგრამ ატრიალებენ. არც ერთ საარჩევნო კოდექსში არ წერია, რომ ოქმებში გადასწორებები შეიძლება არჩევნების შემდეგ, მაგრამ ასწორებენ. თუკი ამისგან დაცვა შეგიძლია, საარჩევნო კოდექსი შეიძლება იყო მეტ-ნაკლებად კარგი ან ცუდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საარჩევნო სიები შედგენილი იყოს იმ პრინციპით, რომ ვინც არ არის საქართველოში, ის არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას იმ დღეს. თუმცა ხელისუფლებას ყოველთვის აქვს იმის რესურსი, რომ 200-300 ათასი კაცით ზედმეტი აღმოჩნდეს მის მხარდამჭერთა შორის. არჩევნები გაყალბებისგან რომ დაიცვა, არსებობს ერთი მარტივი საიდუმლო - რაც მეტ ადამიანს მიაღებინებ მონაწილეობას საარჩევნო სტრუქტურების თვალსაზრისით არჩევნებში, მით უფრო ნაკლებია გაყალბების შესაძლებლობა. ჩვენ არასდროს გვქონდა შესაძლებლობა, რომ ისეთ რეგიონებში, სადაც ხელისუფლების ხმების ბეღელია, გვებრძოლა მათთან. ახლა ამის შესაძლებლობა არის. ჩვენ შეგვიძლია, რომ გაყალბების შესაძლებლობები აღმოვფხვრათ თუნდაც ახალქალაქში, წალკაში და იმ სხვა ადგილებში, სადაც ხელისუფლებას ყოველთვის საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა. ასევე შეგვიძლია, რომ ალტერნატიული სიები გავაკეთოთ და დავდოთ ჩვენი დასკვნები, თუ ვინ არის წასული საზღვარგარეთ. ძალიან სერიოზული კონტროლი შეგვიძლია საარჩევნო უბნის შიგნითაც, სადაც ჩვენ კომისიის წევრებიც და წარმომადგენლებიც გვეყოლება. გარეთ კი ჩვენი აქტივისტები იქნებიან. 100 000 კაცის მონაწილეობა საარჩევნო სტრუქტურებში არის გეგმა, რომელიც აქვს მომავალ კოალიციას. სწორედ ეს იქნება არჩევნების გაყალბებისგან დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალება. ეს შესაძლებლობები აქვს ივანიშვილმა, ოღონდ არა მარტო ფინანსური შესაძლებლობებით. ამ კანონმდებლობით, რომელიც ახლა შემოიტანეს, ფინანსების ხარჯვა ძალიან შეზღუდულია პარტიებისთვის. ხელისუფლებამ ფინანსების ხარჯვა შეიზღუდა თავისთვისაც, თუმცა მათ იმედი აქვთ, რომ საბიუჯეტო რესურსს გამოიყენებენ. მინდა გითხრათ, რომ აქაც ძალიან მკაცრი მონიტორინგი გვექნება დაწესებული. ის პოლიტიკური დივიდენდი, რომელიც აქვს ივანიშვილს და მის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში, არის გაცილებით უფრო დიდი წონის მქონე, ვიდრე მისი ფინანსური შესაძლებლობები.

- და თუ მაინც ვერ გაიმარჯვეთ, რას აპირებთ? შეიძლება იყოს ეს ქუჩის აქციები?

- მუდმივად ისმის კითხვები, გამოვიყენებთ თუ არა ქუჩის აქციებს. კონცეფცია, რომელსაც ადგას ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია, არის სწორი. ყველა რადიკალმა, რომელსაც ეჩქარება ხელისუფლების შეცვლა, უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი გზა არის არჩევნების გზა. ყველა მოქალაქე, ვისაც ცვლილება სურს, უნდა მივიდეს არჩევნებზე. 100 000 ადამიანის ყოფნა საარჩევნო სტრუქტურებში ნიშნავს მილიონზე მეტ ხმის მოპოვებას. მილიონზე მეტი ხმის მოპოვება კი გამარჯვებას ნიშნავს.

- ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთა - ბიძინა ივანიშვილის ბანაკი და ხელისუფლების ბანაკი. ვინც ამ ბანაკების მიღმა არიან, თითგოს თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ. როგორ ფიქრობთ, რა როლი ექნებათ მათ თუნდაც საპარლამენტო არჩევნებისთვის და რამდენად გაუწევენ ამ ორ ძალას კონკურენციას?

- არჩევნები არის პროცესი, როდესაც პოლიტიკურ პარტიას ირჩევს საზოგადოება. თუ საზოგადოების მხარდაჭერა ამ ორი ბანაკის მიღმა რომელიმე პარტიას ექნება, ისინი გადალახავენ ბარიერს და შევლენ პარლამენტში. თუ არ ექნებათ მხარდაჭერა ამ პარტიებს, მათ უნდა გაავლონ ხაზი და ან ერთი კოალიციის, ან მეორე კოალიციის სასარგებლოდ უნდა იმუშაონ. მესამე ძალის ჩამოყალიბება შედის ხელისუფლების ინტერესებში. უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ ხელისუფლება ასეთი კოალიციის ჩამოყალიბებას შეეცდება. მოდი ვთქვათ ისიც, რომ ასეთი ტიპის კოალიაციას თუ ფუნქცია ის ექნება, რომ ივანიშვილს წაართვან ხმები, ეს არის სააკაშვილის წისქვილზე წყლის დასხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი არ ეცდება ასეთი კოალიციის ჩამოყალიბებას. თავისით ვინც ამის გაკეთებას შეეცდება, ვფიქრობ, კარგად უნდა აწონ-დაწონოს, რამდენად ღირს ასეთი ტიპის რისკზე წასვლას. მე ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა იმ პარტიების ჩამონათვალი, რომელთანაც მას თანამშრომლობა არ წარმოუდგენია, ხოლო დანარჩენებთან ამა თუ იმ ფორმით წარმოუდგენია. ჩვენთვის, "კონსერვატორებისთვის", მნიშვნელოვანია საარჩევნო სამართლიანი პოლიტიკური მოედნის შესაქმნელი სიტუაცია, რომელიც ამ არჩევნების შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს. ამიტომ არ იქნება ტრაგედია, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არ ვიქნებით საპარლამენტო წარმომადგენლობაში. ეს ვიცი, რომ შემდეგი პროცესები გაცილებით სამართლიან გარემოში ჩატარდება. ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში არის დადებითი მოვლენა. ბალანსი იყო დარღვეული და პოლიტიკური თამაში მხოლოდ ცალ კარში მიდიოდა. ახლა კი ეს ბალანსი შეიცვალა და ძალიან კონკურენტული ბრძოლა მიმდინარეობს.


"ჯი-ეიჩ-ენი"; ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტველი

ავტორი: . .