საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკი იწყებს საგარეო ვალის შესახებ კიდევ ორი დამატებითი ცხრილის პუბლიკაციის გამოცემას.. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდება კვარტალურად, საანგარიშო პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს მე-100 დღისა.
სებ-ის ინფორმაციით, პირველი ცხრილი მოცემულია GDDS (მონაცემთა ზოგადი გავრცელების სისტემა) ფორმატის, ხოლო მეორე ცხრილი SDDS (მონაცემთა სტანდარტული გავრცელების სისტემა) ფორმატის მიხედვით და ყოველკვარტალურად ეგზავნება მსოფლიო ბანკს.
პირველ ცხრილში მოცემულია სახელმწიფო და სახელმწიფოს გარანტიით აღებული საგარეო ვალის მომსახურების გრაფიკი. გრაფიკი მოიცავს ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადებს. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ვალები მოცემულია კვარტალური ინტერვალით; ერთიდან ორ წლამდე - ექვსთვიანი ინტერვალით; სამიდან ხუთ წლამდე - წლიური ინტერვალით; ხუთიდან თხუთმეტ წლამდე - ხუთწლიანი ინტერვალით; ხოლო 15 წლის შემდგომ გადასახდელი ვალები გაერთიანებულია. „დაუყოვნებლივ გადასახდელი" გრაფაში მოცემული თანხიდან 27.8 მლნ აშშ დოლარი წარმოადგენს 1996 წელს აღებულ ყაზახეთის ვალს, რომლიც ექვემდებარება რესტრუქტურიზაციას „პარიზის კლუბი 2"-ის შეთანხმების თანახმად, მაგრამ კრედიტორთან საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული. დანარჩენი თანხა წარმოადგენს თურქმენეთის ვალს, რომლის გადახდა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
მეორე ცხრილში მოცემულია საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი სექტორების მიხედვით. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ვალები მოცემულია კვარტალური ინტერვალით; ერთიდან ორ წლამდე - ექვსთვიანი ინტერვალით; ხოლო ორი წლის შემდგომ გადასახდელი ვალები გაერთიანებულია. „დაუყოვნებლივ გადასახდელი" გრაფაში შედის არარეზიდენტების დეპოზიტები და ვადაგადაცილებული დავალიანება.