ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი იზრდება. მისივე თქმით, ბოლო 20 დღის განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე გაზრდილია დაახლოებით 8-10 დოლარით/ბარელზე.
"ამ პერიოდის განმავლობაში გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ბენზინისა და დიზელის საწვავზე Platt's-ის მიხედვით, დაახლოებით 80 დოლარით/ტონაზე. მ/წლის 9 იანვრის მდგომარეობით ბენზინის საერთაშორისო ფასი შეადგენს 959.50 დოლარს/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის - 952.50 დოლარს/ტონაზე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ევრო ზონაში არსებული კრიზისი და ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდა. თუმცა შემდეგ დაიწყო ირანის გარშემო ვითარების გართულება, რასაც მოყვა უკვე ნავთობის ფასის ზრდა.
კერძოდ, აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები (საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია) კატეგორიულად ითხოვენ ირანის ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თავის მხრივ ირანი იმუქრება, რომ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში გადაკეტავს ორმუზის სრუტეს. ორმუზის სრუტით ხორციელდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტი. ყოველდღიურად დაახლოებით 16-17 მლნ ბარელი ნავთობის გადაზიდვა ტანკერებით. ორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში ვაშინგტონი ირანს ძალის გამოყენებით ემუქრება"- აცხადებს ვანო მთვარალაშვილი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, დღეისათვის ირანული ნავთობის ექსპორტი2,6 მლნ ბარელს/დღე-ღამეში შეადგენს, რომლის დაახლოებით 20 პროცენტის შესრულებას ახორციელებს ჩინეთი (ყველაზე დიდი შემსყიდველი). ირანიდან ნავთობის იმპორტზე მნიშვნელოვნად არიან ასევე დამოკიდებულნი თურქეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია. მათ არ ძალუძთ ირანული ნავთობის სხვა ნავთობით ჩანაცვლება.
"თავის მხრივ, ევროპაში ირანული ნავთობის ძირითადი მომხმარებელი ქვეყნები, როგორებიც არიან საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია მოითხოვენ, რომ ირანული ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს მოქმედება არ იყოს მყისიერი და განხორციელდეს ეტაპობრივად გარკვეული დროის განმავლობაში.
მიმდინარე დღეებში ნავთობის უმსხვილესმა მომხმარებელმა ქვეყნებმა გამართეს კონფიდენციალური შეხვედრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედონ ერთობლივად ირანის მიერ ორმუზის სრუტის გადაკეტვის შემთხვევაში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ასევე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო. როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრაზე განიხილა გეგმა, რომ ორმუზის სრუტეში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში აშშ-ის სტრატეგიული მარაგებიდან გამოიყოს ევრო ზონისათვის და იაპონიისთვის 10 მლნ ბარელი ნავთობი და 4 მლნ ბარელი ბენზინი, დიზელი და სამანქანო ზეთი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა იმოქმედებს ერთი თვის განმავლობაში"- აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე.
მისივე ინფორმაციით, ნავთობის ფასი ახლო მომავალში დამოკიდებული იქნება ირანის გარშემო შექმნილ ვითარებასთან.
"იქ არსებული ვითარების ესკალაცია გამოიწვევს ნავთობის ფასის მატებას, ხოლო მისი განმუხტვა - ნავთობის ფასის შემცირებას. რეალურად დღეს ბარელი ნავთობის ფასი იმის გათვალისწინებით, თუ რა ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობაა მსოფლიოში, როგორაა ნავთობის მიწოდება-მოთხოვნილება, გაცილებით დაბალი უნდა იყოს."- ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე.