მთავრობა 2012 წლისთვის მშპ-ის 5 %-იან ზრდას პროგნოზირებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, 2012 წლის პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა 3 მლრდ. ლარით გაიზრდება. 
"2011 წელი ფისკალური თვალსაზრისით ჩვენთვის საკმაოდ კარგი წელი იყო.  მიუხედავად არსებული გლობალური გამოწვევებისა, სტაბულურობა შევინარჩუნეთ. 2011 წელს ჩვენ შევინარჩუნეთ ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი. 2010  წლისთვის მშპ-მ ნომინალში  დაახლოებით 27 მლრდ. ლარი შეადგინა, ხოლო 2011 წელს  23,8 მლრდ. ლარით ვასრულებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 3 მლრდ. ლარით გაიზარდა. 
რაც შეეხება 2012 წელს, დაგეგმილი გვაქვს მშპ-ის ზრდა დაახლოებით 5 %-ით. რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა 2012 წლისთვის 3 მლრდ. ლარით გაიზრდება. ეს საკმაოდ მაღალი ზრდაა, რაც იწვევს  მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას", - განაცხადა გვინდაძემ.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2011 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 6 %-ით იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წელს რეალურად 6,5 %-იანი ზრდა იქნება.
"ვაგრძელებთ ფისკალურ კონსოლიდაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას. ფისკალური დეფიციტი არის ქვეყნის მდგრადობის გარანტი", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.