დღეს, 22 დეკემბერს, 13:00 საათზე ბაკურიანში, კოხტას მთაზე,განახლებული საბაგირო გზა გაიხსნება, რომელსაც რამდენიმე წელია ელიან სამთო სათხილამურო სპორტის მოყვარულები და პროფესიონალები.
საბაგირო გზის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ (GRDC) წარმომადგენლები და შპს „კოტხა-მიტარბის“ მენეჯმენტი.
კოხტის მთის ფერდობზე საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია GRDC -ის ინვესტიციით დაფინანსდა და 2011 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კოხტა-მიტარბის სამთო-სათხილამურო და ტურისტული კომპლექსის განვითარების გეგმის ფარგლებში, ეს არის პირველი სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც კოხტის მთის პოპულარულ მონაკვეთზე საბაგირო გზის გახსნით დასრულდა.
საბაგირო გზის ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა და დღეიდან ის იქნება ერთ-ერთი უსაფრთხო და მიმზიდველი სამთო-სათხილამურო სივრცე, სადაც საბაგირო გზის სიგრძე 1450 მეტრს შეადგენს.
კოხტის მთის ფერდობზე საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის კომპანიამ GRDC ერთ მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კოხტა-მიტარბის სამთო-სათხილამურო კომპლექსის განვითარების მომდევნო ეტაპზე კი იგეგმება სრულიად ახალი და თანამედროვე საბაგირო გზის დამონტაჟება და აღჭურვა მიტარბის მხარეს, რომელიც დაკავშირებული იქნება კოხტის მთის სათხილამურო მონაკვეთთან და შექმნის ერთიან სამთო-სათხილამურო სივრცეს.
ზემოთხსენებული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ბიზნესის შემდგომ განვითარებას და ზამთრის კურორტებზე ტურისტების ნაკადის ზრდას.