ENG / RUS

ვახტანგ მაჭავარიანი: სიყვარული არის ჩემი მამოძრავებელი ძალა, ჩემი შემოქმედების საყრდენი წერტილი

რესპოდენტის შესახებ

სადირიჟორო პულტთან 25 წლის ასაკში დადგა. როგორც თავად აცხადებს, საქართველოში ამას მხოლოდ კრიტიკა მოჰყვა, რამაც სტიმული მისცა და მსოფლიო მნიშვნელობის წარმატებამდე მიიყვანა. ფრაკი მისთვის სამხედრო ფორმასავითაა. ამბობს, რომ სიყვარულს ყოველთვის გერმანიაში პოულობდა. ახლა კი პარიზში გაცნობილ გერმანელ ქალთან 12 წლის გერმანელ-ქართველი შვილი ჰყავს. ცოლ-შვილს ვაჟას, აკაკისა და ბარათაშვილის შემოქმედებას უკითხავს. პირველი სადირიჟორო ჯოხი მამამ, ალექსი მაჭავარიანმა აჩუქა. ვახტანგ მაჭავარიანი "ჯი-ეიჩ-ენთან" თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრობს.

- დირიჟორობაზე პირველად როდის დაფიქრდით და როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება ოჯახმა?

- ერთ მშვენიერ დღეს, თბილისში ჩამოვიდა ცნობილი მაესტრო, კარლო ცეკი, რომლის კონცერტზედაც მშობლებმა წამიყვანეს. საღამოზე ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონია სრულდებოდა და იქ, თურმე, დედაჩემი ჩემს ხელებს ვერ აჩერებდა. ალბათ, ტრანსში ჩავვარდი და ამ პროცესს ავყევი. შემდეგ სხვა დირიჟორებიც ვნახე და გადავწყვიტე, რომ სწორედ ეს მინდოდა. მამას ვუთხარი და მახსოვს, მითხრა - თუ არ გინდა გულით, სულით, ტვინით, სისხლით, ძარღვებით და ყველა შენი შემადგენელი კომპონენტით, არ გირჩევ... ჯერ წადი, იფიქრე და მოდიო. 2 დღის შემდეგ მივედი და ვუთხარი, რომ დირიჟორობა მინდოდა. დამილოცნიხარო. იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი.

- რამდენი წლის იყავით, როდესაც პირველად დადექით სადირიჟორო პულტთან და როგორი ემოციები გქონდათ?

- მუშთაიდის ბაღში "საზაფხულო სეზონი" იმართებოდა, სადაც ჩემმა პროფესორმა და პირველმა პედაგოგმა ოდისეი დიმიტრიადიმ რეკომენდაცია სახელმწიფო ორკესტრთან გამიწია. მათ მუშთაიდის ბაღში 25 წლის ასაკში მომცეს დებიუტის საშუალება. მაშინ პირველად შევასრულე ვებერი - უვერტიურა ოპერიდან "ობერონი". მეორე განყოფილებაში ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას ვუდირიჟორე. სხვათა შორის, აუდიტორია სავსე იყო.

- ამის შემდეგ დაიწყო თქვენი წინსვლა, თუმცა მხარდაჭერა ყოველთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გქონდათ. რამ განაპირობა ეს?

- ადამიანთა უმეტესობამ კარგად იცის თავის ფასი. ლოგიკურია - ახალგაზრდა დირიჟორს უნდა მხარდაჭერა. საქართველოში, სამწუხაროდ, პირიქით, ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა ცუდად ესაუბრათ ჩემზე, ცუდად წარმოვეჩინე, არ მაძლევდნენ გასაქანის საშუალებას, მაგრამ ამან სტიმულიც მომცა. ამან, ფაქტობრივად, გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ მსოფლიო არენაზე გავედი. კოლეგების ნაწილი ჩემ მიმართ დღესაც ასეა განწყობილი. შურის მომენტია, თორემ აბა, ჩემთან რა აქვთ გასაყოფი...

- რატომ მოიხსენიებთ თავს გერმანელ დირიჟორად?

- გერმანიის მოქალაქე ვარ. 13 აპრილს კონცერტი მაქვს. ეს არის გერმანიის წარმომადგენლობის 20 წლისთავის აღნიშვნა. გერმანია პირველი ქვეყანა იყო დასავლეთიდან, რომელმაც აღიარა დამოუკიდებელი საქართველო და პირველი საელჩო გახსნა. ამის აღნიშვნა ხდება და მთხოვა გერმანიის ელჩმა, როგორც გერმანელი დირიჟორი, იქნებ ჩამოხვიდე და კონცერტში მონაწილეობა მიიღოო. მეცინება, აფიშაზე რომ დაწერონ: "ვახტანგ მაჭავარიანი. გერმანია", ხომ იქნება სასაცილო. თუმცა ამ მომენტში ასეა. ქართული სისხლის და ძარღვის ფონზე მიდევს გერმანული პასპორტი. აქ არ არის პოლიტიკური მიზეზები, უკვე მრავალი წელია ვცხოვრობ დასავლეთში, 10 წელიწადს საფრანგეთში ვიცხოვრე, მერე გერმანიაში, ახლა ბელგიაში ვცხოვრობ. დავდივარ მთელ მსოფლიოში და თავისუფლების საშუალებას მაძლევს ევროპული პასპორტი. ვიზების ჩარტყმის პრობლემები მომიხსნა.

- ორკესტრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც შევარდნაძის მთავრობისგან "ღირსების ორდენი" არ აიღეთ. გაიხსენეთ ის პერიოდი და რა მდგომარეობა ამ კუთხით ახლა საქართველოში?

- ორკესტრს ღირსება აჰყარეს და როგორ უნდა ამეღო მათგან "ღირსების ორდენი"?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ისეთი სიტუაციაა, სადაც ბობოქარი პროვინციალიზმის დამახასიათებელი ნიშანთვისება აქვთ - მე პეტრეს ვუჭერ მხარს, პავლეს არაფერს გავუკეთებ. ამ პრინციპზე იყო აგებული და ჯანსაღი კონკურენტუნარიანობა არ უნდოდათ. დღეს ჩემს ყოფილ ორკესტრს, რომელიც ძალიან მიყვარს, ჭერი აქვს, მაგრამ სხვა პრობლემები გაუჩნდა. კრიტიკა საქართველოში არ არსებობს. გაკვირვებული ვარ: ამდენი კონცერტი ტარდება და არსად კრიტიკა არ არის. კონცერტის ჭეშმარიტი განხილვა არ ხდება.

- 60 წლის იუბილეზე საზოგადოების წინაშე პირველად წარდექით კომპოზიტორის სტატუსით. როდის დაიწყო ყველაფერი?

- საიდუმლოდ გეტყვით, არც ერთი ჟურნალისტისთვის არ მითქვამს: 80-იან წლების დასაწყისში პირველი მცდელობა მქონდა. ახლა შემიძლია ღიად ვთქვა, მაშინ მამამ მეხუთე სიმფონია "უშბა" დაამთავრა, მერე 2 უდიდეს ნაწარმოებზე ერთდროულად მუშაობდა. ეს იყო ბალეტი "ჭირვეულის მორჯულება" და "ფიროსმანი". "ფიროსმანი" აინტერესებდა, უნდოდა და აკეთებდა, "ჭირვეულის მორჯულება" კი დაუკვეთეს. ამ დროს ჩავაცივდი, მე-6 სიმფონია დაწერე-მეთქი. მითხრა, შენ დაიწყე და ვნახოთ, რა გამოგივაო. უცებ თავში პატარა ზარმა დამირეკა და საკმაოდ დიდი მონაკვეთი დავწერე.

- გარდა კომპოზიტორობისა, ლექსებსაც წერთ. როდის წაუკითხავთ საზოგადოებას თქვენს ლექსებს? გვითხარით, კიდევ რითი ხართ გატაცებული?

- არაერთი ლექსი დამიწერია, მაგრამ არ წავიკითხავ. ოდესმე, ალბათ, ჩემი შვილი წაგიკითხავთ. დამიხატავს კიდეც, მაგრამ ვარ უკეთესი პოეტი, ვიდრე მხატვარი. საზოგადოებამ ნაწილობრივ იცის, რომ ჩემი ჰობი არის ჯაზი, ზოგჯერ შევხტები ჯაზის კლუბებში და ვურეკავ ხოლმე. ასევე, ძალიან ერთგული ვიყავი სამთო-სათხილამურო სპორტისა, ალპები დავლაშქრე. ბავშვობიდან ჩემი დიდი სიყვარულია ცურვა, მერწყული ვარ და წყალი ჩემი სტიქიაა. ახლა ვწერ წიგნს.

- როგორც ცხოვრების სტილი, სცენაზე თქვენი ჩაცმულობაც გამორჩეულია. რატომ არ გაცვიათ დირიჟორისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ფრაკი?

- ძალიან დიდხანს ვიცვამდი ფრაკს და მაქვს, მაგრამ ახლა რაც მაცვია, ეს არის კლასიკური შარვალი და ზედა ნაწილი, იმავე ფერის, რომელიც შევაკერინე. ძალიან პრაქტიკულია. ფრაკის ჩაცმა და გახდა პროცედურაა. რაც მაცვია გასტროლზე, ძალიან პრაქტიკულია და თავისუფლად ვარ. ფრაკი კლასიკაა და არის კონცერტები, როცა ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ჩავიცვა. ფრაკში ისე ვარ, როგორც სამხედრო თავის ფორმაში. ეს არის ჩვენი სამხედრო სახელოვნებო ფორმა, რომელიც შემოვიდა და დაწესდა.

- თქვენი ცხოვრების სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას სიყვარულს მხოლოდ გერმანელ ქალბატონებს უკავშირებდით...

- დიახ, ჩემი პირველი "რომეო და ჯულიეტას სიყვარული", 16 წლის ასაკში, გერმანელი გოგო იყო. სკოლა რომ დავამთავრე, მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და ტურისტულ მოგზაურობაში გერმანიაში გამიშვეს. იქ შემხვდა ცისფერთვალება, ქერათმიანი, ულამაზესი ტან-ფეხით, მშვენიერი გოგო - გეზინე. გაჩაღდა დიდი რომანი. მანქანით ჩემს სანახავად თბილისშიც ჩამოვიდა. მაშინ "კაგებემ" შეგვიშალა ხელი, თან ახალგაზრდები ვიყავით. მერე, პარიზში, რომ ვცხოვრობდი, 7 წლის განმავლობაში აქტიური რომანი მქონდა ისევ გერმანელთან. იქ რომ დასრულდა ყველაფერი, ჩემს მეუღლეს შევხვდი, იმასაც პარიზში... მასთან დიდხანს არ გაგრძელებულა მოსამზადებელი პერიოდი, მალე დავქორწინდით. სიყვარული ის ერთადერთი ძალაა, რომელზედაც არათუ დედამიწა, არამედ კოსმოსი დგას. სიყვარული არის ჩემი მამოძრავებელი ძალა, ჩემი შემოქმედების საყრდენი წერტილი და საერთოდ ჩემი არსებობის ძირითადი ღერძი.

P.S. წელიწადი მთავრდება და შემდეგი, 2012 წელი მოდის. ჩემს ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საქართველოს მინდა ვუსურვო წარმატება, ჯანმრთელობა, სულიერი ამაღლება და გონებრივი ჩაღრმავება.

"ჯი-ეიჩ-ენი". ესაუბრა ია კიკაძე

 

ავტორი: . .