ENG / RUS

ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილი არის ნამდვილი პოლიტიკური მკვლელი

რესპოდენტის შესახებ

ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ზოგი ქართულ ოცნებად აღიქვამს და ზოგიც პუტინის პროექტად... თუმცა გაჩნდა განსხვავებული შეფასებაც - "პოლიტიკური მკვლელი"... მმართველის ძალის ერთი ნაწილი აღიარებს, რომ მისი სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს, მერე ნაწილი ცდილობს, "სერიოზულად" არ აღიქვას...

რამდენად "გაამართლა" მმართველი პარტიის "იმედები" და რამდენად რეალურ კონკურენტად აღიქვამენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს - აღნიშნულთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.

- საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფუძნებასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში გარკვეული მოლოდინი იყო... რამდენად გაამართლა "მოლოდინმა"?

- რაც მანამდეც მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებში, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე განსხვავებული არაფერი ყოფილა. მხოლოდ ორ შემთხვევში - შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სისტემის ერთ მიმართულებაზე, კერძოდ, ეროვნული გამოცდების საკითხზე, გაიჟღერა პოზიტიურმა ნოტებმა დანარჩენი იყო კრიტიკა და უსამართლო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო იზოლირებულია სააკაშვილის გამო. ეს არ არის სიმართლე, რადგან ყველა ხედავს, რომ ყველაზე ინტენსიური საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის ურთიერთობა სწორედ ახლაა. ამ მიმართულებით ივანიშვილმა, უბრალოდ, იცრუა. მას სურდა, დაეხატა ქვეყანა, სადაც არაფერი ვითარდება და აუცილებელია ცვლილებები.

თუმცა მთელი პოლიტიკური საზოგადოება და ის ადამიანებიც კი, ვინც იქ იყვნენ შეკრებილები, ელოდებოდნენ, რომ ის ილაპარაკდებდა თუნდაც ეკონომიკაში, განათლებაში და სხვა სფეროებში რა ცვლილებები უნდა განხორცილდეს, რათა მივიღოთ უკეთესი შედეგი და წინ გადავდგათ ნაბიჯი. ასეთი რამ ვერავინ მოისმინა და ეს იყო დიდი ნაკლი მათი შეკრებისა.

- ამის მიუხედავად, განიხილავს თუ არა მმართველი პარტია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს სერიოზულ ძალად და კონკურენტად მომავალ არჩევნებში?

- თვალი უნდა გავუსწოროთ იმ პოლიტიკურ მოვლენას, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრი, რომლის ძირითადი საყრდენები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რუსეთია. აქ, პრაქტიკულად, უცვლელად იმეორებენ პუტინის, მედვედევის, ლავროვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების სიტყვებს და ეს ფაქტია.

მათი მიმართება საგარეო პოლიტიკური საკითხისადმი არის გამოკვეთილი. კერძოდ, ივანიშვილმაც თქვა, რომ ის საქართველოში დაამყარებს 2-3 წლის განმავლობაში ისეთ დემოკრატიას, რომლითაც გააოცებს მთელ ევროპას და ამავე დროს, ილაპარაკა, რომ ნატოში შესვლის პერსპექტივა მხოლოდ 30 წლის შემდეგ გვაქვს. საინტერესოა, თუ საქართველოში ის მართლაც დემოკრატიას დაამყარებს მაშინ, როდესაც ნატოში შესვლის შემაფერხებლად არასაკმარის დემოკრატიულ რეფორმებს მიიჩნევს, მაშინ 30 წლის შემდეგ რატომ უნდა დადგეს ნატოში გაწევრიანების საკითხი? ეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის საგარეო პრიორიტეტია, უარი ვთქვათ ქვეყნის უმთავრეს ამოცანაზე - საქართველოს თავისუფლებაზე და დავეთანხმოთ დესუვერენიზაციის მოდელს, რომელიც უკრაინაში განხორცილდა. ეს არის შეზღუდული სუვერენეტიტის დოქტრინა და ცდილობენ, ახლა საქართველოს მოახვიან თავს, რომ აღარ ვიყოთ აქტიურები ნატოს და სამხედრო ბლოკების მიმართულებით და როგორც ივანიშვილმა თქვა, აღარ შევახსენოთ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.


- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი საქართველოში კრემლის შეკვეთის შესასრულბლადაა?

- მეორეხარისხოვანია, რისთვის კეთდება ეს - იმის გამო, რომ ვიღაცას აქვს კონკრეტული დაკვეთა; პუტინის პროექტია - საქართველოში ამ ტიპის ლიდერებმა განახორცილონ პრორუსული ქმედებები; ამ ადამიანს აქვს ცალკეული პრობლემები რუსეთში თავის უზარმაზარ ფულთან დაკავშირებით და უნდა, რომ ამ ხერხით დაიცვას თავის კაპიტალი... - ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მიზეზები, ხოლო მთავარი არის ის, რასაც ამბობს და რაც არის მისი სამომავლო გეგმა. ამ გეგმაში არ შედის ნატო და თავისუფლი საქართველო, არამედ შედი ის, რომ დავალაგოთ ურთიერთოებები რუსეთთან. მაგრამ როცა ვეკითხებით, რის ფასად უნდა მოხდეს ეს, რა ფასი უნდა გადაიხადოს ამისთვის საქართველომ, მათ პასუხი არა აქვთ.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთს ჩვენს ქვეყანასთან იმიტომ არ სურს ლაპარაკი, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, ან ვიღაცის სიმაღლე და ფიზიკური მონაცემები არ მოსწონს - ეს არის დაუშვებელი გულუბრყვილობა და მიამიტობა, რადგან რუსეთს აქვს სრულიად კონკრეტული მიზანი საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლად ვერ მოახერხოს თავისი პოლიტიკის განსაზღვრა. 200 წლის განმავლობაში, რაც რუსეთთან აქტიური ურთიერთობები გვაქვს, საქართველოს ჰყოლია ყველა ტიპის ლიდერი - უკიდურესად პროდასავლური, პრორუსული, იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და ეს იყო შევარდნაძე. იყო ზვიად გამსახურდია, რომელიც ცნობილია, როგორც ეროვნული ლიდერი და ვერც ერთს ამ ადამიანთაგან ვერ გამოუვიდა რუსეთთან ურთიერთობა, რადგან პრობლემა ლიდერებში არ არის. რუსეთის მიზანია საქართველომ ვერ შეძლოს დამოუკიდებლად არსებობდა.

ამიტომ მგონია, რომ ეს არის საქართველში ახლა ნამდვილი პრორუსული ცენტრი და რაც დროს გაივლის, მით უფრო გამოჩნდება კონტურები, რომ ესენი არიან მიმართულები მხოლოდ იქით, რომ ჩვენმა ქვეყანმა თავისი საგარეო კურსის შეცვლა მოახდინოს.

- არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი, გახდეს მმართველი პარტიის არჩევნებზე მთავარი კონკურენტი?

- სოციოლოგიური კვლევის შედეგები ადასტურებს ერთ ტენდენციას - მოხდა პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდამჭერთა გადაჯგუფება. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა და ლიდერის - იქნება ეს შალვა ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე, "რესპუბლიკელები", ირაკლი ალასანია თუ სხვადასხვა ძალა - მთელი რეიტინგი ბიძინა ივანიშვილმა წაიღო.

ივანიშვილი ამბობდა, რომ "შუა უნდა გაიკრიფოს", ე.ი. ჩვენსა და ხელისუფლებას შორის არ უნდა დარჩეს სხვა ტიპის ძალებიო. მან გადაწვიტა, რომ დღეს პოლიტიკური სისტემა შავად და თეთრად დაიყოს და ეს. თუ არ ვცდები, სტალინის გამონათქვამია: "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია" და ივანიშვილის გამოთქმაც სტალინის ფრაზის მოდიფიკაციაა.

"ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი არის უცვლელი. მის მხარდამჭერთა რაოდენობა არც შემცირდა და არც გაიზარდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს იმ მხარდაჭერას, რაც აქვს. გარდა ერთი-ორი პოლიტიკური ძალისა (და ეს პირველ რიგში "ქრისტიან-დემოკრატები"არიან), ოპოზიციურ ფლანგზე არ დარჩა არც ერთი პოლიტიკური ძალა. ივანიშვილი არის ნამდვილი პოლიტიკური მკვლელი ოპოზიციური ძალებისთვის და მათ ეს ძალიან კარგად იციან. სწორედ ასე წარიმართება დაპირისპირება...

- ანუ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას შორის?

- დიახ და მგონია, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა ინარჩუნებს შესაძლებლობას, იყოს აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ეს არის "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია".

ვუყურებდი პრეზენტაციას და მქონდა განცდა, რომ ვიღაცამ საათ-ნახევრით შევარდნაძის ეპოქაში გადამისროლა. იქ იყვნენ კომუნისტური პარტიის რაიკომის მდივნები, შევარდნაძის მინისტრები, მათ შორის, თავდაცვის ორი მინისტრი, იყვნენ ისეთი სახეები, რომელთა პოლიტიკური ორიენტაცია სრულიად ცხადია, მაგალითად, ვალერი კვარაცხელია, ვაჟა ლორთქიფანიძე... ეს იყო კომუნისტური ელიტის, პოსტსაბჭოთა წითელი ინტელიგენციის გაერთიანება იმის გარშემო, რასაც დღეს სთავაზობს ქართულ საზოგადოებას ივანიშვილი. იქ საუბარი იყო წარსულთან ჯაჭვის გაბმაზე, მაგრამ მათ არ უგულისხმით აღმაშენებლის პერიოდი, ეს არის სრულიად კონკრეტული ეპოქა - 20-წლისწინანდელი წარული.

არ მჯერა, რომ უდაძაბულესი 20 წლის შემდეგ საქართველო მიიღებს გადაწყვეტილებას, 90-იან წლებში დაბრუნდეს, მაშინ, როდესაც იყო კრიმინალური ანარქია.

- ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყო . ამის გათვალისწინებით მმართველი ძალისთვის მისი "წარსულისადმი ნოსტალგია" რატომ აღმოჩნდა სიახლე?

- ივანიშვილი მაშინ პოლიტიკაში არ იყო. მისი სახეც კი არ მქონდა ნანახი. ეს იყო იზოლირებული, კარჩაკეტილი ადამიანი, რომლის შესახებაც მხოლოდ მითოლოგიური წარმოდგენები არსებობდა. ვიცოდით, რომ არის სადღაც ძალიან მდიდარი ადამიანი, რომელიც გარკვეულ პროექტებს ახორცილებს სხვადასხვა მიმართულებით.

ამ პროექტების მიმართ პრობლემა არც დღესა აქვს ვინმეს, თუ არ ჩავთვლით, რომ შესაძლოა, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფულის მიცემა იყო ერთგვარი მზადება პოლიტიკური კარიერისთვის და იმ ადამანების უდიდესი უმრავლესობა ვინც, მისგან ფულს იღებდა, ვნახეთ ფილარმონიაში.

მისი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი უფრო დიდია, მით უმეტეს, როცა იგი ამბობს, რომ მან უნდა განსაზღვროს მთელი საქართველოს მომავალი. ალბათ, რომ არა ეს, არავისთვის არ გახდებოდა ცნობილი, რომ ის აფინანსებდა 9 აპრილის ჯალათს ალექსანდრე ლებედს. ასევე მინდა ყველას და, პირველ რიგში, 300 ათას დევნილს გავახსენო, რომ სწორედ ელცინის პრეზიდენტობის დროს მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია და იქიდან ასიათასობით ადამიანის გამოდევნა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ივანიშვილი მის საარჩვენო კამპანიას აფინანსებდა.

- ლოგიკურად, ხელისუფლების ინტერესში ვადამდელი არჩევნები უნდა შედიოდეს, ვიდრე ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ძალებს მოიკრებს... უნდა ველოდეოთ გაზაფხულზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

- ივანიშვილის გამოჩენის დროს გაცილებით უფრო დიდი იყო მოლოდინი, მაგრამ ბოლო ორი თვეა, სიახლე არ არის და ამაში "ქართული ოცნების" პრეზენტაციის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს არის აღმავალი პოლიტიკური ძალა, რადგან ბევრი იმედგაცრუებული დარჩა. მისი მითოლოგიური საბურველი ნელ-ნელა იცლება და ის ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც არა აქვს პასუხი ბევრ კითხვაზე.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნებს, არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში და არანაირი ცვლილება ამ კუთხით არ იქნება.

-კახი კალაძის განცხადებას ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ როგორ შეაფასებდით?

-ბუნებრივად გაჩნდა განწყობა, რომ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი. თუ მას უბრალოდ სურდა დაესრულებინა კარიერა ეროვნულ ნაკრებში, ამისთვის შეეძლო მწვრთნელის, თანაგუნდელების ინფორმირება და არ იყო საჭირო პოლიტიკურ ფორუმებზე გამოსვლა. მან "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე გააკეთა ცხადი პოლიტიკური განცხადებები და მათ შორის ერთ-ერთი იყო მისი წასვლა ეროვნული ნაკრებიდან - როგორც პროტესტის ფორმა. მიმაჩნია, რომ ეს იყო მცდარი ნაბიჯი, მაგრამ განსაკუთრებით უცნაური იყო ის რეაქცია - აპლოდისმენტები და მქუხარე ტაში - რომელიც დარბაზში მის განცხადებას მოჰყვა. ეს რას ნიშნავდა? უბრალოდ, ვერ გავიგე... ეროვნული ნაკრებიდან წასვლა რით იმსახურებს განსაკუთრებულ სიხარულს, ტაშსა და აღფრთოვანებას, ჩემთვის გაუგებარია...

- თუმცა კალაძემ შემდეგ განმარტა, რომ ნაკრების დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი თანაგუნდელის, გიორგი დემეტრაძის ციხეში უკანონოდ ჩასმა იყო...

რაც შეეხება დემეტრაძის საკითხს, სამწუხაროდ, მას აქვს კონკრეტული ბრალდება წაყენებული. მიუხედავად იმისა, რომ იგი ციხეშია, მის საფეხბურთო წარსულზე ცუდს არ ვიტყვი, თუმცა არის მეორე მხარეც... ეს ადამინი ჩართული იყო "მაზავშიკების" საქმეში და ამან გამოიწვია დიდი კრიმინალიზაცია. ის, რომ შენ ხარ კარგი ფეხბურთელი ან ნებისმიერი სფეროს წარმატებული წარმომადგენელი, არ ნიშნავს, რომ უფლება გაქვს, ხელშეუხებლობის სტატუსით ისარგებლო.

არსებობს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომლებიც როგორც კომუნისტების, ასევე შევარდნაძის დროს მუდმივად ფლობდნენ სრულიად განსხვავებულ ექსკლუზიურ სტატისს. შესაძლოა სხვა ადამიანებს ეშიმშილათ, მდგარიყვენე ნავთის რიგში, მაგრამ არსებობდა რაღაც ფენა, რომელთაც ეს პრობლემები არ ეხებოდათ. მათ ჰქონდათ განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობა და ახლა ამ ადამინებმა დაკარეგს ეს სტატუსი.

ეს საქართველოში სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ყველა მიხვდეს, რომ ექსკლუზიური სტატუსით ვერავინ ვერ ისარგებლებს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თამარ მამუკაშვილი

ავტორი: . .