"მეღვინეობა ხარება" იაპონიის ბაზარზე შევიდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის მენეჯმენტმა განუცხადა, ქართულმა ღვინის კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა იაპონურ იმპორტიორ კომპანიასთან და "მეღვინეობა ხარების" ღვინოები იაპონიაში გაიყიდება. იაპონიაში "მეღვინეობა ხარებას" 7 სახეობის ღვინოების ფასი 15-20 დოლარის ფარგლებში იქნება. კომპანიის გათვლებით, 2012 წლიდან იაპონიაში ღვინის ექსპორტს გაზრდიან და იაპონურ ბაზარზე პოზიციების გამყარებას შეძლებენ.
"მეღვინეობა ხარებას" უკვე აქვს ექსპორტი ჩინურ ბაზარზე, სადაც კომპანიამ 2011 წელს 50 ათასი ბოთლი ღვინო შეიტანა. მენეჯმენტის განცხადებით ჩინური ბაზარი მზარდია და 2012 წლისთვის კომპანია ჩინეთში უკვე ნახევარი მლნ. ბოთლი ღვინის რეალიზაციას გეგმავს.
3 ნოემბერს აზიის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე "მეღვინეობა ხარებამ ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსსა (HKIWSC) და აზიის ყველაზე მაშტაბურ გამოფენაში (HKTDC) მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ გამოფენაზე მისულ სტუმრებს 7 დასახელების ღვინო წარუდგინა, ხოლო კონკურსზე, სადაც მთლიანობაში 8000-მდე ღვინის სახეობა იყო წარმოდგენილი, "მეღვინეობა ხარებას" 2009 წლის "საფერავი პრემიუმი" და 2010 წლის "ცოლიკოური" ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.
აზიის ბაზარზე საფერავი პრემიუმისთვის ეს უკვე რიგით მე-3, ხოლო ცოლიკოურისთვის რიგით მე-2 გამარჯვებაა. კერძოდ, "საფერავი პრემიუმს" სინგაპურში 2010 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე "Wine Style Asia Award" უკვე აქვს ვერცხლის მედალი აღებული, სულ ცოტა ხნის წინ კი ჩინეთში გამართულ საერთაშორის კონკურსზე "Cina Wine Awards 2011" ყველაზე რეკომენდირებულ ღვინოდ დასახელდა. ამავე გამოფენაზე "ცოლიკოურმა" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" აწარმოებს 30-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინოს. კომპანიის საკუთრებაშია 750 ჰა-ზე მეტი ვენახი. "მეღვინეობა ხარება" ძირითადად იყენებს ქართულ ენდემურ ვაზის ჯიშებს. ასევე აწარმოებს ღვინოს რამდენიმე ევროპული ჯიშის ყურძნისგან.
კომპანიის საკუთრებაშია 2 ღვინის საწარმო: პრემიუმ ტიპის ღვინოების წარმოებაზე სპეციალიზებული საწარმო თერჯოლაში (დასავლეთ საქართველო) და ვაჩნაძიანში (აღმოსავლეთ საქართველო) არსებული საწარმო, რომელიც ძირითადად ინდისტრიულ ღვინოებს აწარმოებს. კომპანია ასევე ფლობს ღვინის დასაძველებლად განკუთვნილ გვირაბს, რომელიც ყვარელში მდებარეობს. კლდეში ნაკვეთი გვირაბი 7.5 კილომეტრის სიგრძისაა და მთელი წლის განმავლობაში სტაბილურ ტემპერატურას, 11-12c-ს ინარჩუნებს.
"მეღვინეობა ხარების" პროდუქციის ჩამონათვალში შედის: სუფრის ტიპის ღვინოები, პრემიუმ კლასის ღვინოები, ქვევრში დაყენებული ღვინოები კახური და იმერული მეთოდით, ფრანგულ მუხის კასრში დაძველებული ღვინოები და კლასიკური მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინოები. აღსანიშნავია, რომ კომპანია აწარმოებს წიპწის ზეთს.