"მეღვინეობა ხარება" იაპონიის ბაზარზე შევიდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის მენეჯმენტმა განუცხადა, ქართულმა ღვინის კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა იაპონურ იმპორტიორ კომპანიასთან და "მეღვინეობა ხარებას" ღვინოები იაპონიაში გაიყიდება. ამომავალი მზის ქვეყანაში "მეღვინეობა ხარებას" 7 სახეობის ღვინოების ფასი 15-20 დოლარის ფარგლებში იქნება. კომპანიის გათვლებით, 2012 წლიდან იაპონიაში ღვინის ექსპორტს გაზრდიან და იაპონურ ბაზარზე პოზიციების გამყარებას შეძლებენ.
"მეღვინეობა ხარებას" უკვე აქვს ექსპორტი ჩინურ ბაზარზე, სადაც კომპანიამ 2011 წელს 50 ათასი ბოთლი ღვინო შეიტანა. მენეჯმენტის განცხადებით ჩინური ბაზარი მზარდია და 2012 წლისთვის კომპანია ჩინეთში უკვე ნახევარი მლნ. ბოთლი ღვინის რეალიზაციას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ წელს 3 ნოემბერს აზიის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე
"მეღვინეობა ხარებამ ჰონგკონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსსა (HKIWSC) და აზიის ყველაზე მაშტაბურ გამოფენაში (HKTDC) მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ გამოფენაზე მისულ სტუმრებს 7 დასახელების ღვინო წარუდგინა, ხოლო კონკურსზე, სადაც მთლიანობაში 8000-მდე ღვინის სახეობა იყო წარმოდგენილი "მეღვინეობა ხარებას" 2009 წლის "საფერავი პრემიუმი" და 2010 წლის "ცოლიკოური" ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.
აზიის ბაზარზე საფერავი პრემიუმისთვის ეს უკვე რიგით მე-3, ხოლო ცოლიკოურისთვის რიგით მე-2 გამარჯვებაა. კერძოდ, "საფერავი პრემიუმ"-ს სინგაპურში 2010 წლის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე "Wine Style Asia Award" უკვე აქვს ვერცხლის მედალი აღებული, სულ ცოტა ხნის წინ კი ჩინეთში გამართულ საერთაშორის კონკურსზე "Cina Wine Awards 2011" ყველაზე რეკომენდირებულ ღვინოდ დასახელდა. ამავე გამოფენაზე "ცოლიკოურ"-მა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „ მეღვინეობა ხარება" აწარმოებს 30-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინოს. კომპანიის საკუთრებაშია 750 ჰა-ზე მეტი ვენახი. "მეღვინეობა ხარება" ძირითადად იყენებს ქართულ ენდემურ ვაზის ჯიშებს. ხარება ასევე აწარმოებს ღვინოს რამოდენიმე ევროპული ჯიშის ყურძნისგან.
კომპანიის საკუთრებაშია 2 ღვინის საწარმო: პრემიუმ ტიპის ღვინოების წარმოებაზე სპეციალიზირებული საწარმო თერჯოლაში და ვაჩნაძიანში არსებული საწარმო, რომელიც ძირითადად ინდისტრიულ ღვინოებს აწარმოებს. კომპანია ასევე ფლობს ღვინის დასაძველებლად განკუთვნილ გვირაბს, რომელიც ყვარელში მდებარეობს.
„მეღვინეობა ხარება"-ს პროდუქციის ჩამონათვალში შედის: სუფრის ტიპის ღვინოები, პრემიუმ კლასის ღვინოები, ქვევრში დაყენებული ღვინოები კახური და იმერული მეთოდით, ფრანგულ მუხის კასრში დაძველებული ღვინოები და კლასიკური მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინოები. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია აწარმოებს წიპწის ზეთს.