მთავრობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად 30-ლარიან ვაუჩერებს გაცემს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდეა.
ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება: მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის (მოხვნა ან სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის) ან
სასუქის შესაძენად (სასუქის ვაუჩერით შეძენა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში) ან 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება (ლიბერთი ბანკის ფილიალებში). მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ.
"სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც მიწის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის, ასევე სასუქის შესაძენად. სასუქი გაიყიდება იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი განაღდება ან ერთჯერადად ვაუჩერის გასხვისება", - განაცხადა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერით მიღებული შეღავათი ამ სექტორში დასაქმეული ადამიანებისთვის მცირედი დახმარება იქნება.