პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" ეხმაურება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და კერძოდ თორნიკე კილანავას პოზიციას. მათი განცხადებით, კილანავას გაუაზრებელი პოზიცია ბლოკავს აფხაზურ მხარესთან დიალოგისთვის პოზიტიური ფონის შექმნას. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, საქმე ეხება აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის სოჭის ოლიმპიადის მშენებლობისთვის ინერტული მასალის აფხაზეთის ტერიტორიიდან გატანაზე შეზღუდვების დაწესებას.
"პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" აცნობიერებს, რომ ამ ერთი განცხადებით ვერ მოგვარდება ქართულ-აფხაზური დიალოგის საქმე, მაგრამ კილანავას და მთლიანად ხელისუფლების გაუაზრებელი მიდგომით და უპასუხისმგებლო განცხადებით იგნორირდება აფხაზი ხალხის ინტერესები. პარტიის მდივანი თეიმურაზ მურვანიძე მიიჩნევს, რომ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი კონტაქტი ქმნის მეტ შესაძლებლობას და აუმჯობესებს ფონს მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად, ამიტომ თუკი ქართული მხარის მიერ ვერ იქნება ღიად მხარდაჭერილი ისეთი პროცესები, რომელიც საქართველოს და აფხაზი ხალხის საერთო ინტერესს წარმოადგენს, ხელი მაინც არ უნდა შევუშალოთ.