ბათუმის იუსტიციის სახლში უახლესი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების ქსელის - „ჯეო-კორსის" პრეზენტაციაზე საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა კონკურსში გამარჯვებული კომპანიები დაასახელა და სერტიფიკატები და სპეციალური ტექნიკა გადასცა.
საჯარო რეესტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად გამოვლინდა 10 გამარჯვებული კომპანია, რომლებთანაც დაიდება 36-თვიანი სალიზინგო ხელშეკრულება და სარგებლობაში გადაეცემა ლიზინგის საგანი - როვერი. სალიზინგო საზღაურის 36-თვიანი გადახდის შემდეგ კი კომპანია თვითონ გახდება ლიზინგის საგნის მესაკუთრე.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ახორციელებს უძრავი ქონების აზომვას/აგეგმვას და რეგისტრირებულია მინიმუმ 3 წელი. კომპანიას აგრეთვე მოეთხოვებოდა წლიური საბანკო ბრუნვა მინიმუმ 100 000 ლარი.
სავალდებულო მოთხოვნა იყო ასევე კომპანიაში მინიმუმ ერთ სერთიფიცირებული ამზომველის/ამგეგმავის ყოლა, რომელსაც ექნებოდა როვერით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ასევე ა.წ. 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების რაოდენობა. უპირატესობა მიენიჭა იმ კომპანიებს, რომელიც ახორციელებს აზომვით/აგეგმვის საქმიანობებს როგორც ქალაქ თბილისში, ისე სხვა ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში.
კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კომპანიას მოეთხოვება გადაცემული ლიზინგის საგნის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს უზრუნველყოფს ერთდღიანი სპეციალური ტრენინგით როვერით სარგებლობის თემაზე.