ENG / RUS

გურამ ჩალაგაშვილი: ჩვენთვის პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესებია

რესპოდენტის შესახებ

2015 წლის 1-ელ იანვრამდე წყლის კომპანიებმა საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძები უნდა მოაწყონ. იმავდროულად, ენერგეტიკულ საკითხებზე სემეკ-ში შემოსულ განცხადებათა უმეტესობა, საერთო მრიცხველებზე აღრიცხვიდან წარმოქმნილ პრეტენზიებს ეხება. უფრო დეტალურად, თუ რა ვითარებაა ენერგეტიკულ სექტორში, რა ვალდებულებები აიღეს წყლის კომპანიებმა და რა ეტაპზეა მთავრობისა და "ყაზტრანსგაზის" ურთიერთობა, ამ და სხვა დეტალებზე "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, გურამ ჩალაგაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გურამ, როგორ აფასებთ მარეგულირებელი კომისიის მიერ გაწეულ მუშაობას?

- კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტში, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ენერგო და წყალმომარაგების სექტორებში დღემდე არსებული პრობლემების მოგვარებასა და აღმოფხვრას. კომისიას, ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგორესურსების პოტენციალის რაციონალურად გამოყენებაში, ენერგოეფექტურობის ამაღლებასა და ენერგოუსაფრთხოების საკითხების სრულყოფაში. მიუხედავად სხვადასხვა სიძნელისა, კომისია წლების განმავლობაში წარმატებებს აღწევს. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდება და გაზმომარაგება. ძირეული ცვლილებებია წყალმომარაგების სექტორში. ჩვენთვის პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესებია. შესაბამისად, კომისიის ხარისხიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საქართველოს მოსახლეობისათვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაა.

- რა შემთხვევაში და რა ფორმით უნდა მოგმართონ მოქალაქეებმა?

- ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. საჩივრის ან განცხადების მომზადებისას, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მომჩივანის სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ნომერი, ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნა და პირადად მოაწეროს ხელი განცხადებას.

- სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, მიმდინარე წლის მონაცემებით რამდენი საჩივარი შემოვიდა და ძირითადად ვის სასარგებლოდ გადაწყდა მათი უმრავლესობა?

- 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით შემოვიდა 1000-ზე მეტი განცხადება. კომისიაში ხშირად განიხილება მოქალაქეებსა და კომპიანიებს შორის არსებული დავის საკითხები. მათ შორის, რაოდენობრივად ჭარბობს საკითხები ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაზე. კომპანიების მხრიდან ხშირია გარკვეული ვარაუდის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევევის ოქმების შედგენა, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე მომხმარებლის სამართალდამრღვევად ცნობა და ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისათვის, აბონენტთათვის თანხის დარიცხვა, რაზედაც კომისია მუდმივად ახდენს სათანადო რეაგირერებას. მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის ამ მიზეზით არსებული დავების შემთხვევაში და კომპანიების მხრიდან შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას ყოველთვის მოქალაქეების სასარგებლოდ იღებს. კომისიაში და კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურში შემოსული წერილების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ წყდება.

- ძირითადად, რას ეხება კომპანიების წინააღმდეგ მომხმარებელთა პრეტენზიები?

- ელექტროენერგიის საკითხებზე შემოსულ განცხადებათა უმეტესობა, ელექტროენერგიის საერთო მრიცხველებზე აღრიცხვიდან წარმოქმნილ დარღვევებსა და მომხმარებელთა პრეტენზიებს ეხება. მიმდინარე წელს ბუნებრივი გაზის საკითხებზე შემოსული განცხადებების დიდი ნაწილი ეხება არსებული მრიცხველების ახალი თანამედროვე თერმოკორექტორიანი მრიცხველებით შეცვლის პროცესს. განცხადებების ნაწილი უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების საკითხებს.
წყალმომარაგების სექტორში მომხმარებლების პრეტენზიები, ძირითადად, სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდებას უკავშირდება. მომხმარებლები ხშირად რეკავენ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ცხელ ხაზზე და მოითხოვენ, რომ მოხდეს მათი სასმელი წყლით უწყვეტი და სტაბილური მომარაგება. გარდა ამისა, ხშირია მოქალაქეთა წერილები გასულ წლებში დაგროვილ დავალიანებებზედაც.

- მარეგულირებელი კომისია ასევე ახორციელებს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის ტარიფების დადგენასა და რეგულირებას, მოგეხსენებათ ეს თემა მუდმივი კამათის საგანია - თუ რამდენად ზუსტად ხდება ტარიფების დადგენა. რეალურად, როგორ ანგარიშდება კომუნალური მომსახურების გადასახადი, რას იხდის დღეს მოსახლეობა და რამდენად გათვალისწინებულია მომხმარებელთა ინტერესები?

- კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი სექტორების ტარიფების დადგენის ძირითადი პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს კანონით "ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ", ხოლო ამ პრინციპების საფუძველზე კომისიის მიერ დამტკიცებულია შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიები. ზოგადად, ტარიფის დადგენის პრიციპია, განხორციელებული ინვესტიციის გონივრულ ვადებში უკუგებისა და მიმდინარე ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფა. აქ მნიშვნელობანია ის გარემოება, რომ ათწლეულების განმავლობაში არ ხდებოდა გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია, რის გამოც ეს ქსელები იმყოფებოდა სავალალო მდგომარეობაში. ნორმალურ მდგომარეობაში მოსაყვანად საჭიროა საკმაოდ დიდი ინვესტიციების ჩადება, რაც თავისთავად აისახება ტარიფზეც. თავისთავად, მომხმარებლის ინტერესია, გადაიხადოს ნაკლები საფასური და ჰქონდეს საუკეთესო და უწყვეტი მომსახურების მიღების საშუალება. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები სამართლიანად აბალანსებს კომპანიებისა და მომხმარებელთა ინტერესებს.

- საკმაოდ აქტუალური თემაა მოსახლეობის წყლის გამრიცხველიანების პროცესი, იქნებ განგვიმარტოთ რა საფასურს იხდის ამ შემთხვევაში მოხმარებელი და რა პირობებით?

- სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს მიენიჭათ უფლება, 2015 წლის პირველ იანვრამდე მოაწყონ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძები (მათ შორის ინდივიდუალური მრიცხველები), რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. მრიცხველის საფასური და აღრიცხვის კვანძის მონტაჟის საფასური შეადგენს არა უმეტეს 100 ლარს და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად მომხმარებლებისთვის გათვალისწინებული იქნა გარკვეული შეღავათები. კერძოდ, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ზემოაღნიშნული თანხის დარიცხვა განხორციელდება აღრიცხვის კვანძის მოწყობიდან ექვსი თვის შემდეგ და დარიცხული თანხა გადასახდელად გადანაწილდება არა ნაკლებ 24 თვეზე.

- რაც შეეხება "ყაზტრანსგაზ თბილისს", დასრულდა თუ არა კომპანიის მხრიდან სახელმწიფო ვალის დაფარვის პროცესი და კიდევ რამდენხანს დარჩება კომპანიაში მარეგულირებელი კომისიის მიერ დანიშნული დროებითი მმართველი? გარდა ამისა, რა ბედი ეწევა კომპანიას ამ პროცესის დასრულების შემდეგ?

- ამჟამად მიმდინარეობს ვალის დაფარვის პროცესი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანია კვლავ გადავა "ყაზმუნაიგაზის" მართვაში, რომლის შვილობილი კომპანიაც არის "ყაზტრანსგაზ თბილისი ". რაც შეეხება დროებით მმართველს, მისი უფლებამოსილების ვადა გაგრძელებულია 2012 წლის 1-ლ მაისამდე.


- თქვენ საკმაოდ აქტიურად თანაშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- კომისიას მჭიდრო ურთიერთობები აქვს საერთაშორისო ენერგეტიკულ და წყლის რესურსების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებთან. კომისია აქტიურად თანამშრომლობს
ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალურ ასოციაციასთან (ERRA), ენერგეტიკულ საზოგადოებასთან (Energy-Community). საერთაშორისო წყლის ასოციაციისთან (International Water Association), აშშ-ის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ა.შ. კომისიის წარმომადგენლები ჩართულნი არიან INOGATE -ის (INOGATE -ენერგეტიკული თანამშრომლობა, ევროკავშირს, აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის) მიერ ორგანიზებულ ტრეინინგკურსებში, რომლებიც კომისიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კომისიაში "საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა" (Twinning) იწყება. აღნიშნული პროგრამა ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს საკუთარი ადმინისტრაციული და იურიდიული შესაძლებლობების გაძლიერებაში. ასეთი პარტნიორობა მხარეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ.

- თქვენი შეფასებით, რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოში ენერგეტიკის ბაზარი და რამდენად მაღალია ახალი ინვესტიციების რაოდენობა?

- ენერგეტიკული ბაზარი, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანია. ამჟამად ბუნებრივი გაზის მიწოდება ნაწილობრივ დერეგულირებულია და არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს აქვთ საშუალება, აირჩიონ მათთვის სასურველი ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიის მომხმარებლთა უმრავლესობა არ სარგებლობს მათი უფლებით და ხელშეკრულებას ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე აფორმებს იმავე საწარმოებთან, ვის გამანაწილებელ ქსელთანაცაა მიერთებული. თუმცა სხვა ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების არჩევის ტენდენცია მზარდია და ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაზრდის კონკურენციას. რაც შეეხება ელექტროენერგიის წარმოებას, ამჟამად ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მოქმედებს მოდელი, როდესაც ელექტროენერგიის ძირითად მწარმოებლებს დადგენილი აქვთ ტარიფის ზედა ზღვარი და ამ ზღვარის ფარგლებში ისინი თვითონ განსაზღვრავენ გასაყიდი ელექტროენერგიის საფასურს და აფორმებენ პირდაპირ ხელშეკრულებებს საბითუმო ბაზრის სხვა მონაწილეებთან. ე.წ. დაუკონტრაქტებელი ელექტროენერგიის შესყიდვა ხორციელდება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, უპირველესად ყველაზე იაფი ელექტროენერგიის შესყიდვის პრინციპის გათვალისწინებით, რაც ელექტროენერგიის მწარმოებლებს აყენებს საკმაოდ კონკურენტულ გარემოში.

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე

 

ავტორი: . .