საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს სამდივნომ დაიწყო თანამშრომლობა გერმანულ დონორ ორგანიზაციასთან - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ). პროექტი, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება, ხელს შეუწყობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ეფექტურ ჩამოყალიბებას.
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისათვის 2011 წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, შემუშავდა ცვლილებები „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების" შესახებ საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის დახვეწაში მონაწილეობა მიიღო ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოყოფილმა ექსპერტმაც, რომელმაც განახორციელა კანონპროექტის ექსპერტიზა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან გრძელდება თანამშრომლობა და აღნიშნული წარმოადგენს გრძელვადიან პროექტს.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობის ფარგლებში ა/წლის 1 დეკემბერს, „გერმანულ სახლში" დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა შიდა აუდიტის სუბიექტების უფროსებთან - 2012 წელს დაგეგმილ ტრეინიგებთან დაკავშირებით. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ შიდა აუდიტის სუბიექტის ხელმძღვანელები, ვინაიდან ისინი თავისი საქმიანობის ფარგლებში ფლობენ ინფორმაციას საჭიროებების, მოლოდინების, შესაძლებლობების და შექმნილი სირთულეების შესახებ. სამუშაო შეხვედრის მიზანია გამოვლენილ იქნეს პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხები, თემები და გაანალიზებულ იქნეს შიდა აუდიტის სუბიექტების საჭიროებები და მოლოდინები, რის შემდეგაც შემუშავდება სტრატეგია და შედგება პროგრამა, ტრეინინგების თემებთან და მათი ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, რომლის წარმატებით განხორციელებაზეც დამოკიდებული იქნება სახელმწიფო სექტორში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ეფექტური დანერგვა და ჩამოყალიბება.