2010-2011 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის 66 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა. ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პოლიციის 6 ახალი შენობა მოქმედებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭირვალე.
შენობების გახსნას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი
ამ დროისთვის ხსენებულ რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს ნინოწმინდის რაიონული პოლიციის სამმართველოს ორი ახალი შენობა, სოფელ განძაში და სოფელ გორელოვკაში, სადაც ცხრა პოლიციის თანამშრომელი იმუშავებს. აღნიშნული პოლიციის განყოფილება მოემსახურება ნინოწმინდის რაიონის 11 სოფელს. სოფელ განძის განყოფილებაში ასევე ცხრა პოლიციის თანამშრომელი იმუშავებს და მიმდებარე 13 სოფელს მოემსახურება.
ამავე რეგიონში დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალქალაქის რაიონის სამმართველოს სოფელ ბროლეთის განყოფილება, სადაც ცამეტი პოლიციის თანამშრომელი იმუშავებს. ახალი პოლიციის განყოფილება ახალქალაქის რაიონის 27 სოფელს მოემსახურება.
ასევე ქ.ახალაციხეში ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ახალციხის განყოფილება, სადაც 75 პოლიციის თანამშრომელი იმუშავებს. აღნიშნულ განყოფილების მთავარი დანიშნულება არის სოფელ საკირედან ვალის სასაზღვრო პუნქტამდე თბილის-ბაქო-ჯეიჰანის და შაჰდენისის გაზსადენის დაცვა.