პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია პრეზიდენტს მიმართავს მოდერნიზაცია მთავრობის წმენდით დაიწყოს და მინისტრთა კაბინეტის მთელ შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადოს. ეს განცხადება დავითაიამ დღეს პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს გააკეთა.
ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჩვენ განებივრებული ვართ მთავრობის ვირტუალური გეგმებით, მაგალითად: "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე, "ასი ახალი საავადმყოფო", კიდევ 50-დღიანი და 50-თვიანი პროგრამები, თუმცა, ეს პროგრამები არათუ შესრულებული, დაწერილიც კი არავის უნახავს.
"იმედი გვაქვს: ჩვენი მთავრობა ეგრეთ წოდებულ "პროგრამულ ბიუჯეტს" ოკულტიზმის და მესამე თვალის მეშვეობით არ გეგმავს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მარტო ვირტუალურ პროგრამებთან, არამედ ვირტუალურ მთავრობასთან. თუ ოკულტიზმი არაფერს შუაშია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ 2012 წლისთვის უნდა ველოდოთ კიდევ უფრო დამძიმებულ საგადასახადო წნეხს და კომუნალური თუ სხვა ტიპის გადასახადების კიდევ უფრო გაზრდას. მთავრობა ამბობს, რომ პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნაა, თუმცა ალბათ 10-პუნქტიანი გეგმის ეს ჩანაწერიც ოკულტიზმის სფეროს განეკუთვნება", - განაცხადა დავითაიამ.