კახი კალაძის მიერ დაფუძნებული, "პროგრეს ბანკის" 10%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად კახი კალაძე ადასრურებს.
კახი კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია ასევე ისიც, რომ "ქართუ ბანკსა" და „პროგრეს ბანკს" შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი.
"ეს ყველაფერი ემსახურება ქართულ ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. აღნიშნული ბიზნეს გარიგება, რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ დარჩენია მაკონტროლებელ ორგანოს და ეროვნული ბანკიდან მეორე დღესვე შემოვიდნენ შემოწმების მიზნით. ეს არის გაგრძელება საბანკო ტერორისა, რომელიც ეროვნული ბანკის ხელით დაიწყო "ქართუ ბანკზე" და ამჟამად გრძელდება „პროგრეს ბანკზე"- განმარტებულია კახი კალაძის განცხადებაში.
კალაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მეგობრობის ხელი გაუწოდა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით დგომა შესთავა.
"არა ვარ ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიტყვით და არა საქმით გამოხატავს თანადგომას. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მმართველ რეჟიმს თვალში არ მოდის არც კახა კალაძე და არც ბიძინა ივანიშვილი.ისინი ყველანაირ აკრძალულ ხერხს მიმართავენ, ოღონდ რეჟიმი შეინარჩუნონ და მასთან ერთად შეინარჩუნონ ქონება და რეგალიები.რეჟიმის წარმომადგენლები, გააზრებულად ახდენენ მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების საშუალებით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების უნიჭოდ დამცირებას, დაუკვირდით მათ თვალებს, ინტონაციას, ლექსიკას, როდესაც საუბრობენ ადამიანებზე, რომლებიც მონურად თავდახრილი არ არიან მართველი ელიტის წინაშე.
ხელისუფლება საკუთარ ხალხს მართავს-მათრახისა და ორცხობილას პრინციპით ანუ წლების მანძილზე იყენებს მხოლოდ მათრახს, ხოლო როდესაც არჩევნებისთვის ემზადება, მაშინ ცოტაოდენ მოლბება და იუდას ამბორით, ორცხობილას გვაწვდის, როგორც კი ჩაივლის არჩევნები, გაორმაგებული ენერგიით ისევ მათრახით მართვას უბრუნდებიან. ეს არის ერთ კაცზე მორგებული რეჟიმი, ამ ერთმა კაცმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და ის ამოწურა საკმაოდ დიდი ხნის წინ, წლების მანძილზე მისი ძირითადი ფუნქცია იყო-ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული პროექტების სათავისოდ, ურცხვად მიწერა და ამ პროექტების მაკრატლით ლენტის გაჭრა, ტელეკამერების წინ კეკლუცობის ფონზე" აცხადებს კახი კალაძე.
კახი კალაძე თავის განცხადებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებასაც იშველიებს და განმარტავს, რომ "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ ბატონ ივანიშვილს აუცილებლად უნდა აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მოქმედი რეჟიმის ელიტამ ეს ნათქვამი გაატარა. მათ არ ესმით, რომ ერი და ბერი ამ და სხვა მრავალ საკითხში ერთსულოვანია".
"ვარდების რევოლუციის შემდეგ რვა წელი გავიდა, ეს იყო ხალხისათვის იმედგაცრუების და ნიჰილიზმის საშინელი რვა წელი. ჩვენ, ქართველმა ხალხმა არა რევოლუციით, არამედ კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა გზით უნდა შევძლოთ არსებული რეჟიმის შეცვლა.დადგა დრო ყველამ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება, საქართველოს მოსახლეობა ამას ნამდვილად იმსახურებს"- აცხადებს კახი კალაძე.