ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის ხელმძღვანელს იან საჰრადილს, ევროპარალმენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გაბრიელ ალბერტინის, ასევე, ევროპარლამენტის სამრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარეს მილან კაბრნოხს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპარლამენტის მიერ 17 ნოემბერს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში, რომელშიც აღიარებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ამ ტერიტორიებზე წარმოებული ეთნიკური წმენდა, ასევე, მხარდაჭერილია საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები.
შეხვედრებზე ვიცე პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისათვის, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერპექტივებს, საქართველოში მიმდინარე წარმატებულ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებს. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო და მათ შორის ევროკავშირის მისიების შესვლის მნიშვნელობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის საჭიროებას. ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრებზე, ასევე, განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები. აღინიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიმდინარე წლის დეკემბერში დაწყების, უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დროულად შემუშავების მნიშვნელობა და ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებისას მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე აქტიურ თანამშრომლობას და საქართველოს შესაძლებლობას, იყოს წარმატებული რეფორმებისა და განვითარების მაგალითი სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრა გამართა რეგიონალურ საკთხებში ევროკომისარ იოჰან ჰანთან. შეხვედრაზე ყურადღება რეგიონალური განვითარების მხრივ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზე გამახვილდა. ხაზი გაესვა იმ დიდ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს გააჩნია და მისი გამოყენებისათვის ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროპულმა მხარემ წარმატებულად შეაფასა რეგიონალური განვიათარების მხრივ საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მნიშვნელოვნად მიიჩნია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება.