ENG / RUS

ლია სტურუა: დამთმობი ადამიანი ვარ, მაგრამ შემოქმედებაში თუ კომპრომისზე წავედი, პოეტი აღარ ვიქნები

რესპოდენტის შესახებ

ლია სტურუას პირველი კრებული 1968 წელს გამოიცა, მას შემდეგ კი 19 წიგნი დაიბეჭდა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოეტმა განაცხადა, მალე კიდევ ერთ წიგნს გამოსცემს, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები შევა. ლია სტურუა აცხადებს, რომ "შემოქმედებაში არავითარ კომპრომისზე არ წავა". "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ის მეუღლეს, ელგუჯა ამაშუკელსაც იხსენებს და ამბობს, რომ მასთან გატარებულმა 30 წელმა მის პოეზიაზე ზეგავლენა მოახდინა.

- ახლა ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწერილ ლექსებს აერთიანებთ. წლების შემდეგ თუ შეიცვალა თქვენი წერის სტილი?

- რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება, ადამიანმა ერთ სტილში წეროს. ადრე გაცილებით ვრცელ ლექსებს ვწერდი, ახლა მიმაჩნია, რომ მოკლე, ტევადი და ლაკონიური უნდა იყოს. დრო მიდის, ადამიანთან ერთად მისი წერის მანერაც იცვლება. ცოცხალი ადამიანი ხარ და არ შეიძლება, რამე არ შეიცვალოს, თუ ეს არ მოხდა, ესე იგი, მოკვდი. ამიტომ სულ უნდა წერო. მთავარია, შენთვის იყოს ახალი და ღმერთმა ქნას, ეს მკითველისთვისაც სიახლე იყოს.

- თავის დროზე ქართულ პოეზიაში სიახლე იყო თქვენი თავისუფალი ლექსებიც, რომლებსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

- ფართო მკითველის გემოვნება პოეტის გემოვნებას ვერ დაემთხვევა. მქონდა ერთი ლექსი, სადაც ასეთი სტრიქონები იყო: "ფიროსმანს უყვარდა ცა და არაყი და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა". მაშინ 17 წლის ვიყავი, წავიმეტიჩრე და უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წავიკითხე. მანამდე შეჩვეული ვიყავი ოვაციებს, ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ კი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იქიდან მოყოლებული, გაზეთი არ გამოდიოდა ჩემი გინების გარეშე: "ლია სტურუამ შელახა ქართველი ქალის კდემამოსილება"... მერე წამოვიდა ძალიან დიდი ომი ურითმო ლექსის გამო. მწერალი კონსტანტინე ლორთქიფანიძე ყვიროდა: "შენ შენი სტურუიზმებით რყვნი ქართველ ახალგაზრდობას!" მე ჯერ რითმიანი ლექსით დავიწყე, მაგრამ ძალიან მალე გადავედი ურითმოზე, რადგან ასე უკეთ გამოვხატავდი სათქმელს. თავისუფალი ლექსები არ მოსწონდათ, მარტო ჩემი კი არა - სხვებსაც აკრიტიკებდნენ.

- მიუხედავად ამდენი კრიტიკისა, კომპრომისზე არ წახვედით...

- ეს მეტიჩრობა ნამდვილად არ იყო. "ფიროსმანის" ლექსის წაკითხვა კი იყო კეკლუცობა (ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა), მაგრამ ეს ნამდვილად ჩემი შინაგანი მოთხოვნილება იყო, რომელიც ყველაზე კარგად ერგებოდა იმ შინაარსს, რასაც მე გადმოვცემდი. ძალიან რბილი და დამთმობი ადამიანი ვარ, მაგრამ შემოქმედებაში არავითარი კომპრომისზე არ წავალ. სხვა შემთხვევაში, პოეტი ვერ ვიქნები. ერთი პერიოდი ლექსებს არ მიბეჭდავდნენ, მიწერდნენ ლანძღვის წერილებს, მაგრამ მაინც ჩემი გზით ვიარე.

- ახლა რა ხდება ქართულ პოეზიაში?

- ახლა მოდაში შემოვიდა რითმიანი ლექსები. ერთი პერიოდი თავისუფალ ლექსი დამკვიდრდა და აქცენტი გადავიდა ურითმოზე, ყველა ამ სტილში წერდა. რითმიანი ლექსი მომგებიანია, ამიტომ ხშირად ვკითხულობ ასეთებს. მაგალითად, უწმინდესს ძალიან უყვარს "ღვთისმშობლის" ლექსი. რითმიანს მუსიკა ალამაზებს. თავისუფალ ლექსში შენ ხარ შიშველი. რითმიანი ლექსით გაუწვრთვნილი მსმენლის ყურს მოატყუებ. თავისუფალი ლექსით უფრო ჭირს. მართალი გითხრათ, "ცისფერყანწელების" შემდეგ სონეტი არ დაწერილა. მერე წამოვიდა სონეტების ზღვა. სონეტი ადრე სიტყვების თამაში იყო, დახვეწილი სტილი, სადაც ამბოხი არ გამოდიოდა და მგონი, მე გამომივიდა. სადღაც ის მომენტიც მქონდა, რომ მეთქვა - ასეთი ლექსის დაწერაც შემიძლია-მეთქი. თუმცა რითმიანი ლექსების წერის არავითარი სურვილი არა მაქვს.

- თქვენს არქივში ინახება თუ არა ისეთი ლექსები, რომელიც არასდროს გამოგიციათ და არც აპირებთ გამოცემას?

- არის რაღაც ლექსები, რომლებსაც არ დავბეჭდავ. არქივიდან რომ იღებენ და ბეჭდავენ, ამით ვიღაც იკმაყოფილებს თავის ამბიციას - აი, მე მივაგენი და დავბეჭდეო. მაგრამ პოეტს თუ არ უნდა რაღაცის დაბეჭდვა, არ უნდა გამოაქვეყნო. რომ შევატყობ, მივდივარ ამ ქვეყნიდან, დავწვავ ყველაფერს, არ დავტოვებ ჩემს არქივს. რაც მინდოდა, ის გამოვეცი. რაღაც ნაჯღაბნი რატომ უნდა შეიტანოს ვინმემ. პოეტის სამზარეულო ლიტერატორებისთვის საინტერესოა, მაგრამ მკითხველისთვის ნამდვილად არ არის ძვირფასი ის ლექსი, რომელიც პოეტს სუსტად მიაჩნია.

- უსმენთ თუ არა მუსიკას მუშაობის პროცესში, ან ხმაურიან ადგილებში თუ მოგდით მუზა?

- როდესაც ჩემი ქმარი, ელგუჯა ამაშუკელი მუშაობდა, მუსიკა სულ ჩართული ჰქონდა. მე კი წერის დროს განმარტოებით უნდა ვიყო სახლში. არაფერი უნდა იყოს ჩართული და სამარისებული სიჩუმე უნდა იყოს. ერთადერთი შემთხვევა პარიზში იყო. იქ მივხვდი, რომ შეიძლება კაფეში წერო და წერო. შენ ხარ შენთვის, იმიტომ რომ ძაფებზე არავინ გეწევა.

- ქმრისთვის თუ მიგიძღვნიათ ლექსი?

- როგორ არა, რამდენიმე ლექსი. სიცოცხლეში, მართალი გითხრათ, ნაკლებად. ძირითადად - გარდაცვალების შემდეგ. ერთი სონეტი დავუწერე სიცოცხლეში. ძალიან უყვარდა ჩემი ლექსები.

- როგორ გაიხსენებთ თანაცხოვრების პერიოდს? თუ მოახდინა ელგუჯა ამაშუკელმა თქვენს შემოქმედებაზე ზეგავლენა?

- ძნელია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება, იმიტომ, რომ ორივე მძიმეა. ელგუჯა საოცრად კარგი ადამიანი იყო. ძალიან მიყვარს სცენა და ლაპარაკი, მაგრამ თავიდან ძალიან მიჭირს ხოლმე. ელგუჯა სულ მიბიძგებდა და სულ "გამოდის" მეძახდა. ერთხელ, როდესაც ჭაბუა ამირეჯიბის იუბილე იყო, საავადმყოფოში ვიყავით, ელგუჯას გაფართოებული ინფარქტი ჰქონდა. დამირეკეს და დამპატიჟეს საღამოზე. მე უარი ვუთხარი. ელგუჯა ძლივს ლაპარაკობდა და მითხრა: თუ გინდა, უკეთესად გავხდე, წადი და მე ტელევიზორში შეგხედავო. ერთად 30 წელიწადს ვიყავით. სულ მეუბნებიან, რომ ჩემს ლექსებში არის ფერწერა. ხშირად ვუყურებდი, ის რომ მუშაობდა, ძალიან მაინტერესებდა. მასთან ურთიერთობის დროს "ფორმის სიმართლეს" ჩავწვდი. განსაკუთრებით მომწონს მისი "გორგასალი" და "დავით აღმაშენებელი", რომელიც ქუთასიშია. ელგუჯას პირველი ნამუშევარი "ქართლის დედა" იყო და მეორე გორგასალი, რომელიც ძალიან მოსწონდა.

p.s. ღმერთს ვთხოვ, სიკვდილამდე წერის უნარი და უფლება არ წამართვას. ვმუშაობ ბევრს და ერთადერთი ეს არის, რაც მაძლებინებს. სულ ვამბობ, რომ სანამ შეუძლია, ქალი ქალს უნდა ჰგავდეს, არ უნდა დაკარგოს პლასტიკა, ქალობა. სიკვდილამდე, რამდენადაც შეუძლია, უნდა შეინარჩუნოს საუკეთესო თვისებები.

ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ია კიკაძე.

ავტორი: . .