ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ს.ს ,,აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრს" ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 6 მლნ. 600 ათასი ლარია და მისი გასხვისება 10 ნოემბრისთვის ჩანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე იგეგმება.
სამედიცინო ცენტრს 22 054 274,70 ლარის დებიტორული და 4 140 002,41 ლარის კრედიტორული დავალიანება გააჩნია.
აუქციონის პირობების თანახმად, კლინიკის ახალი მფლობელი ვალდებულია სამედიცინო ცენტრს 7 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს
ინვესტორი ვალდებულია ასევე, 2011 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 386 646,80 ლარი ჩარიცხოს. (აღნიშნული თანხის დაფარვის შემდგომ საზოგადოება ამოირიცხება მოვალეთა რეესტრიდან)
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში ცნობილი გახდა, რომ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" მენეჯმენტში ახალი კომპანია შევიდოდა და კლინიკა 25-წლიანი მართვის უფლებით, "ვესტრინგ მედიქალ სერვისისს (ჯორჯია)"-ს გადაეცემოდა. აპრილში გაჟღერებული პირობების მიხედვით, აქციების მართვის სანაცვლოდ, "ვესტრინგ მედიქალ სერვისი (ჯორჯია)" ყოველწლიურად სახელმწიფოსათვის 10 ათასი ლარი გადაეხადა.
მმართველი კომპანია ვალდებული იყო ასევე "აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" რეაბილიტაციისათვის, 15 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელებინა.
5 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების შემდგომ, "ვესტრინგ მედიქალ სერვისისს (ჯორჯია)" უფლება ეძლეოდა სამედიცინო ცენტრის IPO განახორციელებინა და აქციები საბაზრო ღირებულებით გამოესყიდა.
იმავდროულად, 15 მლნ. დოლარის ინვესტიციის განხორციელების შემდგომ სამედიცინო ცენტრის მმართველო კომპანია უფლებამოსილი უნდა გამხდარიყო, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საავადმყოფოს აქციების შესყიდვის ინიციატივით მიემართა, რომელიც თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტთან აღნიშნულ საკითხზე იშუამდგომლებდა.