დღეს, 27 ოქტომბერს დაიწყო უკრაინის სამთავრობო დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ვიცე-პრემიერ-მინისტრის სერგეი ტიგიპკოს ხელმძღვანელობით.
დელეგაციის შემადგენლობაში შედის უკრაინის 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი რომელთა მიზანია, საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის დამყარება.
ვიზიტის ფარგლებში სერგეი ტიგიპკო გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებთან.
28 ოქტომბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დაგეგმილია საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი, რომელსაც ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრი სერგეი ტიგიპკო, ხოლო ფორუმის მოდერატორი იქნება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი.
როგორც ფორუმზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ სექტორების მიხედვით შეხვდნენ და მოლაპარაკება გამართონ პოტენციურ პარტნიორებთან. უკრაინელი ბიზნესმენების ინტერესის სფეროს საქართველოში წარმოადგენს: სოფლის მეურნეობა (რძის პროდუქტების წარმოება და ექსპორტი, ღვინის წარმოება), საფინანსო, ტელეკომუნიკაციის, ტურიზმის, ვაჭრობის, სამშენებლო, ფარმაცევტული, ნავთობპროდუქტებისა და მანქანათმშენებლობის სექტორები. უკრაინის დელეგაცია საქართველოს 29 ოქტომბერს დატოვებს.